რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე პროცენტი გაიზარდა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მონეტარული პოლიტიკა ისევ მკაცრდება. რეფინანსირების განაკვეთი 0.25-ით გაიზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირებაზე მიბმული სესხების მფლობელებს საპროცენტო განაკვეთი მოემატებათ.

ლარის გაუფასურების და აქციზის გადასახადის მატების გამო, ეროვნული ბანკი სამომხმარებლო პროდუქტების გაძვირებას პროგნოზირებს. სწორედ ეს გარემოება სახელდება დღევანდელი გადაწყვეტილების მიზეზად.

სამომავლოდ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დააპროგნოზირა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც.

“ერთჯერადმა ფაქტორებმა გაზარდა ინფლაციის მოლოდინი. ეროვნულმა ბანკმა ამ მოლოდინების მოსათოკად, არსებულ პროგნოზზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე” – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

კობა გვენეტაძემ ინფალციაზეც ისაუბრა და დაანონსა, რომ მიზნობრივი ინფლაცია 2017 წელს პროგნოზირებულ მაჩვენებელზე მაღლა იქნება. მიზეზად კი აქციზე განაკვეთის ზრდა და რიგ პროდუქტებზე ფასების მატება დაასახელა.

“2017 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. მიზნობრივი მაჩვენებელი 2017 წლისათვის არის 4%. 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. 2018 წელს მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3%” – აცხადებს გვენეტაძე.

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით გაიზრდება საპროცენტო ხარჯი მათთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს აღებული.

“პირველ რიგში ეს გაზრდის საპროცენტო ხარჯს მათთვის, ვისაც ლარში აქვს სესხი. ეს რა თქმა უნდა ხელს არ შეუწყობს ჩვენს ექსპორტს, რადგან გაძვირებული ლარის პირობებში ძვირდება პროდუქციაც და რაც მთავარია, ეს ნაბიჯი, ვფიქრობ არ შეუწყობს ხელს ლარიზაციას” – აცხადებს ასლანიშვილი.

“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ რეფინანსირების ინსტრუმენტი ეროვნულ ბანკს არ სჭირდება.

“მე ვფიქრობ ასეთი ინსტრუმენტი ეროვნულ ბანკს საერთოდ არ სჭირდება. ის არის ბოროტად გამოყენებული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკმაოდ საეჭვო ფინანსური მდგომარეობის ბანკების მხრიდან. ასევე მთავრობის ბიუჯეტური დეფიციტის ირიბად დაქფინანსებისთვის.

რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ექსპერტების ნაწილი ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებას ელოდება.

მოამზადა ბაჩანა ჯინჭარაძემ