პაკისტანში ვალენტინობის დღის აღნიშვნა აიკრძალა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ვალენტინობის დღის აღნიშვნა აიკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესმა სასამართლომ პეტიციის საფუძველზე მიიღო. სასამართლომ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებული ფესტივალებისა და სხვა ღონიშძიებების ჩატარება საზოგადოებრივი თავშეყრისა თუ ნებისმიერ სახელისუფლებო დაწესებულებაში აკრძალა, სიყვარულის დღეს კი მუსლიმური კულტურისთვის შეუსაბამო უწოდა.

ვალენტინობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენის გაშუქება ეკრძალება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც. გამოცემა The Dawn-ის მიხედვით, პეტიციაში, რომელიც სასამართლოში შევიდა, ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ვალენტინობის დღისთვის მიძღვნილი ფესტივალები ამორალური ქმედების ტირაჟირებასა და შეუსაბამო საქციელს იწვევს.

როგორც ჩანს, აკრძალვა მაღაზიებსა და რესტორნებზე არ გავრცელდა. “ფრანს პრესის” ცნობით, ზოგიერთი რესტორანი სადღესასწაულო ღონისძიების რეკლამირებას კვლავ განაგრძობს.

სიყვარულის დღე პაკისტანში უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა. ამ დღეს განსაკუთრებით ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში აღნიშნავენ, თუმცა ბევრი რელიგიური დაჯგუფება მას რადიკალურ წინააღმდეგობას უწევს.

წყარო: allnews