რძის პროდუქტების ბაზარზე ეტიკეტირების წესი ირღვევა

 

საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, რომელიც რძის პროდუქტების შემცველობაში ცხიმების სავალდებულო რაოდენობას განსაზღვრავს

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, რეგლამენტის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება. რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

მთავრობის ამ რეგულაციის მიხედვით სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე,არაჟანი, მაწონი,ხაჭო კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი.ამ წესების დარღვევის შემთხვევასი ბიზნესოპერატორს აეკრძალება პროდუქციის რეალიზება. როგორც ვარაუდობენ აღნიშნული რეგულაცია ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.

რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წელს 2498 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება ჩაატარა. ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო 63 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. როგორც ირკვევა, მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული 250 ნიმუშიდან, 3 შემთხვევაში გამოვლინდა მცენარეული ცხიმის შემცვლელობა, ხოლო 14 ნიმუშში დაფიქსირდა ეტიკეტზე მითითებული ცხიმიანობის პროცენტის შეუსაბამობა. დღესდღეობით ბაზარზე არიან კომპანიები, რომლებიც არღვევენ ეტიკეტირების წესებს, რაც მომხმარებლის მხრიდან ხშირ შემთხვევებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

საქართველოში არსებულ სავაჭრო ქსელებში 2016 წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დაფიქსირდა ვადაგასული საქონლის გასაღების ფაქტები. ხშირია ფაქტები, როდესაც მომხმარებლები სურსათის ცხელ ხაზზე ზარებს ახორცილებენ. ისინი ითხოვენ იმ პროდუქტების შემოწმებას, რომელსაც საეჭვოდ მიიჩნევენ და ითხოვენ მისი ხარისხიანობის დადგენას.

’’ნატურალური რძისგან იწარმოება მთელი ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 20%-მდე, მაგრამ ეს პროცენტი ყოველწლიურად იზრდება. არის პროდუქტების ჩამონათვალი, მაგალითად ’’სანტინო’’,რომელიც მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური რძისგან, მაგრამ არის ისეთი პროდუქცია, სადაც ვიყენებთ ასევე ხარისხიან, მაგრამ განსხვავებულ ნედლეულს’’,-აცხადებს ’’სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების’’ გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე. მისი თქმით ნატურალური რძის გამოყენების შემთხვევაში პროდუქტის ღირებულება იმდენად გაიზრდება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. გაზეთ ,,ბანკები და ფინასნებთან’’ საუბრისას კომპანია სანტეს PR-ის ხელმძღვანელმა ნათია ჩალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში არ არსებობს დიდი რაოდენობით ნატურალური რძე, თუმცა მათი პროდუქციის გარკვეული ნაწილი სწორედ ასეთი რძისგან მზადდება.

’’ეკო ფუდის’’, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის მენეჯერი თამაზ მახარაშვილი კი აცხადებს, რომ მომხმარებელს ეტიკეტზე შემადგენლობის წაკითხვა შეუძლია, ამიტომ წარწერა ’’რძის პროდუქტები’’ მას შეცდომაში ვერ შეიყვანს.

მომხმარებელთა დაცვის პროგრამის კოორდინატორი ლია თოდუა აცხადებს, რომ მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე momxmarebeli.ge პროდუქციას რამდენიმე კერძო ექსპერტიზის ბიუროში ამოწმებს, ლაბორატორიული შემოწმების ყველა შედეგი ამ ვებ გვერდზე ქვეყნდება. შემოწმების შედეგად რძის პროდუქტების მიკრობიოლოგიური დაბინძურება სულ რამდენჯერმე დაფიქსირდა და ყველაზე ხშირად ლაბორატორიული დასკვნა სწორედ პროდუქტის არასწორ შემადგენლობაზე მიუთითებს.

როგორც ლია თოდუა განმარტავს, საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, რომელიც რძის, კარაქის, ხაჭოს ან სხვა პროდუქტის შემცველობაში ცხიმების სავალდებულო რაოდენობას განსაზღვრავს, ამის გამო იმ კომპანიებს, რომლებსაც მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

’’სანტეს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, ‘’ხაჭოს დესერტი ვანილით’’ სანტისიმო ზემოდან ჩანს წარწერა ’’დამზადებულია ნატურალური რძისგან’’, თუმცა ეტიკეტზე ჩანს, რომ შემადგენლობაში არის აღდგენილი რძე’’, წერს ერთ-ერთი მომხმარებელი momxmarebeli-ge-ს Facebook გვერდზე.  ბაზარზე დღეს უამრავი პროდუქტი არსებობს, რომელსაც ’’რძის პროდუქტი’’ აწერია, თუმცა რეალურად მასში რძის ცხიმის შემცველობა 0%-ია. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე რომ რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, რაც დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

2016 წლის იანვარსა და აპრილში ქვეყანაში წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 28%-ით მეტი ღირებულების 1.5%-იანი ცხიმის შემცველობის რძის ფხვნილი და გრანულები შემოვიდა. ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია. რძის ფხვნილის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები კი ბოლო წლების მონაცემების მიხედვით უკრაინა, ბელგია, ლიტვა და ირანია. საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მისგან მიღებული ნაწარმი ჯანმრთელობისთვის საზიანო რომ არ არის, ამაზე სპეციალისტებიც საუბრობენ, თუმცა ნაწილი აღნიშნავს რომ არც სასარგებლო თვისებები აქვს. მათ არ ეთანხმება მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე და ამბობს რომ რძის ფხვნილი წყლის დასხმისთანავე ნატურალური პროდუქტი ხდება, თუმცა თუ მასში ცხიმის პროცენტულობის გასაზრდელად დამატებულია მცენარეული ცხიმი, სადაც ტრანსცხიმის ოდენობა ნორმაზე მაღალია ის ჯანმრთელობისთვის მავნე ხდება.

2015 წლის დადგენილების შესახებ, მომხმარებლები აცხადებენ რომ ეს უფრო გაამარტივებს რძის პროდუქტების შეძენის პროცესს და ისინი უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას. მეორეს მხრივ კი მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი უნდობლობას უცხადებს ქართული რძის პროდუქტებს და აცხადებენ, რომ ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ რძისგან წარმოებული ქართული პროდუქტები ხარისხით არ გამოირჩევა.