„ლარით თამაში“ გრძელდება – ერთი კვირის გამავლობაში ლარი 16 თეთრით გამყარდა

ბოლო კვირის განმავლობაში, ლარის კურსმა აქტიურად დაიწყო გამყარება და 10-12 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში, დაახლოებით, 16 თეთრით გამყარდა. კურსის გამყარება ყოველდღიურად გრძელდებოდა და 4 მარტისთვის ლარის კურსის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.42 შეადგინა. თუმცა, აქ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბოლო დღეებში სავალუტო ჯიხურებში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ოფიციალურისგან განსხვავებულია და იგი 2.53 შეადგენს. მსგავსი განსხვავება ოფიციალურ კურსსა და სავალუტო ჯიხურებში დაფიქსირებულ კურსს შორის საკმაოდ ალოგიკურია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. გარდა ამისა, 2 მარტს „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ლარი-დოლარის გაცვლითმა კურსმა ჯერ 2.42 შეადგინა, ხოლო რამდენიმე საათში იგი 2.48-მდე ავიდა, რაც ასევე ალოგიკურია და ჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება სპეკულაციები სავალუტო ბაზარზე, რის შედეგადაც, ლარის კურსის მდგომარეობა მუდმივად იცვლება.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები“ დაინტერესდა, რამ განაპირობა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარება, რამდენად შეიცავს იგი სპეკულაციის ნიშნებს, შენარჩუნდება თუ არა გამყარების ტენდენცია და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს მოსახლეობას კურსთან დაკავშირებით. ამ კითხვებით ,,ბანკები და ფინანსებმა“, ეკონომიკის ექსპერტებს მიმართა.

„გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლარის მასის და ბიუჯეტის და ფინანსების შემცირებას“

პაატა შეშელიძე, ეკონომიკის ექსპერტი – “თუ ვიხელმძღვანელებთ იმ სტატისტიკით რაც ეროვნულ ბანკს აქვს გამოქვეყნებული, გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლარის მასის და ბიუჯეტის დაფინანსების შემცირებას.
ლარის კურსის გაუფასურება, ძირითადად, განაპირობა იმან, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ ფულს აწვდიდა ეკონომიკას, ვიდრე მას სჭირდებოდა და ეს ყველაფერი განპირობებული იყო მთავრობის მოთხოვნით. ხვალ როგორ წავა ლარის საქმე რთული სათქმელია. გამყარების ტენდენციის შენარჩუნებაზე წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია. აღსანიშნავია მხოლოდ ის, რომ ეს რყევები ძალიან ცუდად მოქმედებს ეკონომიკაზე. მსგავსი რყევები სახიფათოა.

მე, ყოველთვის მხარს ვუჭერდი განსხვავებულ მიდგომას. ჩვენ არ გვჭირდება მერყევი კურსის პირობებში მუშაობა, საჭიროა განსხვავებული მოდელის შემუშავება. ეს განსხვავებული მოდელი პირდაპირ გაამყარებს დოლარს და მოგვცემს მყარ გარანტიას იმისას, თუ რა იქნება ხვალ და რა პერიოდში განხორციელდება ბანკის მიერ მთავრობის დაფინანსება”.

,,ლარის კურსის გამყარება განაპირობა გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებამ“

ვახტანგ ხომიზურაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი – “ლარის გამყარებას პირდაპირ ვერ დავუკავშირებდი გალარების პროგრამას. ვინაიდან, ამ ეტაპზე, მიზერული რაოდენობის სესხების გალარება მოხდა.

ჩემი აზრით, კურსის გამყარება გამოწვეულია იმით, რომ ეროვნულმა ბანკმა მიმართა ცოტა უფრო გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას. კერძოდ, გაზარდა რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთი, რამაც რეფინანსირების სესხების გაცემა შეამცირა. აქედან გამომდინარე, შეიზღუდა ფულადი მასა. ამას დაემატა ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება, რომლის შედეგადაც, ხდება ფულადი მასის ამოღება ეკონომიკიდან, რამაც, საბოლოო ჯამში, კურსზე ზემოქმედება იქონია.

ამ შემთხვევაში, სამომავლო პროგნოზების გაკეთება ცოტა რთულია. იმდენად, რამდენადაც ლარი მუდმივად იმყოფება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. ის დამოკიდებულია სავალუტო ნაკადებზე, სავალუტო ნაკადები ოდნავ თუ შემცირდა ეს მაშინვე იმოქმედებს კურსზე. ასევე, არ ვიცით ხვალ რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი, ლარის და დოლარის მასების როგორი ბალანსი იქნება.

ამიტომ, საჭიროა რეალურ სექტორში ინვესტიციების ნაკადის უზრუნველყოფა. არ არის მიზანშეწონილი ორიენტაციის გაკეთება მხოლოდ ფულად გზავნილებსა და ტურისტების ნაკადზე. საჭიროა სხვა უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკის გატარება ლარის კურსის სტაბილურობისათვის”.

,,სავალუტო ბაზარი საბანკო ოლიგოპოლიის მძევალია და ბანკებს თავისუფლად შეუძლიათ კურსით მანიპულირება“

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი – “2.5 ქვემოთ ლარის კურსის ნებისმიერი გამყარება სპეკულაციური ხასიათისაა. ფაქტია, რომ ბანკები მართავენ სავალუტო ბაზარს და დომინანტ ბანკებს შეუძლიათ კურსით მანიპულირება – მათ რა ფასიც უნდათ, იმას დასვამენ სავალუტო ბაზარზე. სავალუტო ბაზარი დღეს საბანკო ოლიგოპოლიის მძევალია.

მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, რომ 2.5 ქვემოთ არ დაუშვას ლარის გამყარება, თუ საჭიროა, ამისთვის შესყიდვის ინტერვენციაც განახორციელოს. ახლა გამოჩნდება, ეროვნულ ბანკს შეუძლია კურსის რეალურად მართვა თუ კვლავ საბანკო ოლიგოპოლიის მძევალი არის.

რაც 2 მარტს სავალუტო ბაზარზე მოხდა, მტრის ენაზე „ბესპრედელი“ ეწოდება. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ლარის კურსი მცურავი კი არ არის, არამედ, ხან – მყვინთავია და ხან მფრინავი. ლარის კურის თავისუფალი კი არ არის, არამედ – უპატრონო.

2 მარტს დილით ხალხმა დანაზოგებს გაუკეთა კონვერტაცია ლარის შემდგომი გამყარების მოლოდინში, რომლის თავიდან ასაცილებლად ჯერ კიდევ გუშინ ეროვნულმა ბანკმა არაფერი გააკეთა. დღის განმავლობაში „ბლუმბერგით“ ბანკთაშორისი გარიგებების შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური კურსი დააფიქსირა 2.42 საღამოს უკვე სავალუტო ტაბლოებზე 2.50-2.55 ციმციმებდა.

მოვითხოვ ეროვნული ბანკისგან, გამოაქვეყნოს ბანკთაშორის დადებული გარიგებების სრული სია, მონაწილე ბანკების, გარიგებათა მოცულობის და გარიგების კურსების ჩათვლით.

შარშან კომისიაში კანდიდატებისთვის ქულები ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით კი არ უნდა დაგვეწერა, არამედ ბაკალავრიატის 3-4 კურსების მსგავსი გამოცდა უნდა ჩაგვეტარებინა და იმის მიხედვით უნდა შეგვეფასებინა კანდიდატები, თუ როგორ გაართმევდნენ დღევანდელი მოვლენების მსგავს „ქეისებს“ თავს.

გაცვლითი კურსის თავისუფალი რეჟიმი არის უტოპია საბანკო ოლიგოპოლიის პირობებში, რომლის პირობებშიც ეროვნული ბანკის ერთადერთი ამოცანა კურსის მართვა და არა უპატრონოდ მიშვება უნდა ყოფილიყო.

მილა მარია შამოტა