“ბესპრედელი” სავალუტო ბაზარზე დასრულებულია

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირების აუქციონის შედეგებზე წერს.

“ბანკები და ფინანსები” დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“პატივცემულო მეგობრებო, მსურს კვირის დასასრულს პასუხი გავცე ინბოქსში გამოგზავნილ თითქმის ერთი და იგივე შინაარსის უამრავ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, ხუთშაბათობით რეფინანსირების აუქციონის შედეგებზე რატომ მაშინვე არ ვაქვეყნებ პოსტს და რატომ ველოდები შაბათამდე, როდესაც უკვე ხუთშაბათ–პარასკევის ტრადიციული “ბესპრედელი” სავალუტო ბაზარზე დასრულებულია.

დიახ, სინამდვილეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ბლუმბერგის ტერმინალში რეფინანსირების აუქციონის შედეგების განახლება ხუთშაბათს შუადღის საათებში 13.00–14:00 ხდება.

როგორც სპეციალისტი, ჩემი მოკრძალებული თეორიული ცოდნით და პრაქტიკული გამოცდილებით ფინანსურ სფეროში, მოვალედ ვთვლი რომ გავაკეთო უკვე შემდგარი ფაქტის ანალიზი, თან ისე, რომ “ბესპრედელის” ცეცხლზე დამატებითი ნავთი არ დავასხა.

როდესაც ხუთშაბათს, 9 მარტს, ასე შუადღის 3 საათზე ვნახე რეფინანსირების აუქციონის განახლებული შედეგები, და თან პარასკევს საღამომდე, როგორც ინტერნეტით, ისე სავალუტო ტაბლოებზე ყველანი ვუყურებიდთ „ბესპრედელის“ (2.45–2.55) მორიგ გაუთავებელ სერიებს, ნამდვილად უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ყოველ საათში ცეცხლზე ნავთის დამატება.

რა დიდი მარჩიელობა უნდა იმ ფაქტს, რომ კვირის განმავლობაში რეფინანსირების სესხების მოცულობის 120 მლნ ლარით გაზრდის შემთხვევაში, ამ თანხის მეოთხედი მაინც მყისიერად მოხვდებოდა სავალუტო ბაზარზე და საბანკო ოლიგოპოლიის პირობებში ბესპრედელის ახალ ტალღას ააგორებდა.

სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ხოლმე ეროვნულ ბანკს, ნუ მალავს ინფორმაციებს ექსელის ფაილებში. საზოგადოებას ხუთშაბათს შუადღისას მყისიერად რატომ არ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, თუ რა შედეგებით დასრულდა აუქციონი? თან ამ ინფორმაციის ტექსტური ფორმით გამოქვეყნება შეწყდა 2016 წლის ივნისში.

სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია სავალუტო ბაზარზე ბანკებს შორის განხორციელებული გარიგებების შესახებ. საბანკო ოლიგოპოლიის პირობებში ფრაზა „თავისუფალი კურსის რეჟიმი“ არის ყოველგვარ რეალობას მოკლებული, ხოლო ეროვნული ბანკის მოვალეობაა სავალუტო ბაზრის მართვა და არა უპატრონოდ მიტოვება.

სწორედ ეროვნული ბანკია იმაზე პასუხისმგებელი, რომ სავალუტო ბაზრზე სტაბილურობის განცდაა დაკარგული და მხოლოდ მოთამაშეთა შეზღუდულ რაოდენობას მიჰყავს პარადი.

ამის ნაცვლად, პარასკევს საღამოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფეისბუკში წერს და სიამაყით გვამცნობს, რომ 32 სავალუტო „ბუტკა“ დაუხურავს თურმე მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში. სავალუტო ჯიხურების დახურვა“ ზე ინფორმაციამ ნაკლებად ვფიქრობ, რომ დააფრთხოს საბანკო ოლიგოპოლია.” – წერს ასლანიშვილი.