სექტემბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ნარჩენების მართვის ახალი მიდგომების დანერგვის პარალელურად პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ აქტიურ კამპანიას ახორციელებს. სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკები ანაცვლებს.

სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერენ საქართველოში არსებული მსხვილი სავაჭრო ქსელები და წლის მანძილზე პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ.

“საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალება ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. 2017 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალება 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ხოლო  2018 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკები არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს და არ ხდება მისი სრულად დეგრადირება.” – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განუცხადეს.

პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.

სამინისიტრო ბიოდეგრადირებადი პარკებისა და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვით ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.