გამწვანების მხრივ თბილისი ევროპულ ქალაქებს ათჯერ ჩამორჩება

თბილისში ერთ სულ მოსახლეზე სიმწვანე 10-11 კვ/მ-მდე უნდა გაიზარდოს. დღეს ეს მაჩვენებელი 4 კვ/მ-ის ფარგლებშია. ამ მხრივ თბილისში მასშტაბური სამუშაოს ჩატარება იგეგმება, მაგრამ კონკრეტული ვადები ჯერჯერობით არ სახელდება. გამწვანების მაჩვენებლის მიხედვით თბილისი ევროპულ ქალაქებს ათჯერაც კი ჩამორჩება.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნა, რადგან ქალაქის განაშენიანებულ აწილში არსებული გამწვანება ამჟამად, მთელი რეკრეაციის 5%-ს შეადგენს.

„მიჩვეულები ვართ, რომ ქალაქში კუნძულებივით გამწვანება გვაქვს. მწვანე საფარი ყველაზე ნაკლებია დედაქალაქის განაშენიანებულ ნაწილში. ჩვენი მიზანია, გამწვანებული ფართობების ზრდა და ამ ფართობებს შორის კავშირების დამყარება. გვსურს ერთ სულ მოსახლეზე სიმწვანე 10-11 კვ/მ- მდე გავზარდოთ, რაც ვერ ვიტყვით, რომ ფანტასტიკური მაჩვენებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ამით მაინც ვუშველით თბილისს“, – განუცხადა „სითი კვირას“ სალუქვაძემ. დღეს ძნელად მოიძებნება თბილისში ტერიტორიები, რომლებიც შესაძლებელია გენგეგმის ჯგუფმა რეკრეაციისა და გამწვანების მხრივ დატვირთოს.

„ამ თვალსაზრისით შესაძლებელია ზოგმა ტერიტორიამ ფუნქციაც შეიცვალოს, რომ ადამიანს ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში ცხოვრების საშუალება მიეცეთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

სპეციალისტებს, თბილისის მწვანე ქალაქად გადაკეთების რამდენიმე გეგმა აქვს. ელიავას ბაზრობა, დიდუბე, თემქა – ამ ტერიტორიებზე, შესაძლოა, მომავალში მწვანე საფარი გაჩნდეს.

ტერიტორიაზე სადაც ახლა ყველაზე მეტი ავტომობილია, შესაძლოა, დასასვენებელი, მწვანე პარკი გაშენდეს. საუბარია ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე. მოლაპარაკება ბაზრობის მესაკუთრებთან უკვე მიმდინარეობს. სალუქვაძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის ალტერნატიულ ვარიანტად, ქალაქის პერიფერიები განიხილება. თემქაზე კი ახალი პარკის გაშენების შესაძლებლობაა. ეს წინადადება მერიამაც მოიწონა, თუმცა საბოლოო თანხმრობა მიღებული არ არის. პარკის გაშენება ორ საცხოვრებელ მიკრორაიონს შორის არსებულ აუთვისებელ ხევში იგეგმება.

„თბილისში ათეულობით წლებია დიდი მასშტაბის პარკი არ გაშენებულა. ეს ვარიანტი მერიამ მოიწონა და ვნახოთ, როგორც მოახერხებენ ამის გაკეთებას. დაფინანსებას მოიპოვებენ თუ ბიუჯეტიდან დააფინანსებენ პარკის მშენებლობას, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

კიდევ უფრო მასშტუბური პროექტი იგეგმება დიღმის ჭალებში. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორი, მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე დედაქალაქის ცენტრალური პარკი გაშენდება.მწვანე ზონის მოწყობა იგეგმება დიდ დიღომშიც.

„გეგმის მიხედვით, ქალაქში 3 სატრანსპორტო დერეფანი ჩამოყალიბდება. პირველი დიდი დიღმიდან სადგურის მოედნამდე, საბურთალოსა და თავისუფლების გავლით. მეორე გლდანი-მუხიანის ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპირომდე და მესამე ასევე მარცხენა სანაპიროდან სარკინიგზო არეალის გასწვრივ“, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ჩქარი ავტობუსების, სამომავლოდ კი ტრამვაის გამტარი ზოლის შექმნა. თბილისის მიწადმოქმედების გენერალური გეგმის სამუშაოები მაისში დასრულდება.

საბჭოთა სტანდარტის მიხედვით, ქალაქში, სადაც 0.5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 15 კვ/მ უნდა ყოფილიყო, თუმცა თბილისში ეს მაჩვენებლი არც საბჭოთა პერიოდში იყო დაცული. გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 წელს დაფიქსირდა და 13 კვ/მ შეადგინა. დედაქალაქში მწვანე საფარის ინვენტარიზაცია 1988 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, თუმცა მერიის ინფორმაციით, 2001 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 5.6 კვ/მ იყო. ამ პერიოდის შემდეგ, განახლებული მონაცემები აღარ არსებობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მსხვილ ქალაქში გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე სულ მცირე 9 კვ/მ უნდა იყოს. საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 კვ/მ-ია.

თუ გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოში ყველაზე გამწვანებულ ქალაქად ვენა ითვლება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 120 კვ/მ სიმწვანე მოდის. 66 კვ/მ-ია ეს მაჩვენებელი სინგაპურში, სტოკჰოლმში – 87.5 კვ/მ, ამსტერდამში – 45.5 კვ/მ, ლონდონში – 27 კვ/მ, სტამბულში – 6.4 კვ/მ. სიმწვანის მაჩვენებლი ყველაზე დაბალია ტოკიოსა და ბუენოს-აირესში – 2-3 კვ/მ.

 

 

წყარო: for.ge

 

[wpolling id=”14″ width=”” height=””]