ვიზალიბერალიზაციის 3 თვიანი შედეგები რიცხვებში
2017 წლის 28 მარტიდან ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში გამარტივებული წესით მოგზაურობენ. ვიზალიბერალიზაციით 3 თვეში 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. სამწუხაროდ, მათგან 3 000 საქართველოში არ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის თქმით, ამ ეტაპზე არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მათ 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვიეს. ხუციშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს. პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, შსს-ს იდენტიფიცირებული ჰყავს.
,,შეიძლება მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი – ბელარუსში, ზოგი – თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკ ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს, რომელი რეგიონებიდან წავიდნენ, ვინ არიან, რა კავშირები აქვთ, პოტენციურად რა შეიძლება აინტერესებდეთ და ა.შ. ძირითადად, დიდი რისკები ჯერჯერობით არ გვქონია, ვინაიდან დიდი მასა, რაც გადის ქვეყნიდან, უკან ბრუნდება. იმ ქვეყნებიდანაც, სადაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან, ჯერჯერობით სიგნალები არ გვაქვს”, – თქვა შალვა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებში არ შედიან ის პირები, რომლებმაც სახმელეთო საზღვრებით ისარგებლეს.
`მაგალითად, თუ ვინმე ჩავიდა ბელარუსში, დარჩა ერთი კვირა და მერე ჩავიდა ლიტვაში, ასეთი ხალხი ამ მონაცემებში არ ხვდება”, – აღნიშნა ხუციშვილმა.
საინტერესოა ის სტატისტიკა, სადაც ჩანს თუ რამდენს ხარჯავენ ქართველები ევროპაში ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე ივნისში 112 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ის 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე 2017 წლის აპრილში 95,864 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, მაისში 103,073 მილიონი ლარის, ხოლო ივნისის თვეში 112,67 მილიონი ლარის. ჯამში, ამ სამი თვის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ, საქართველოში გაცემული საგადასახადო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე 311,607 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, ხოლო ვიზალიბერალიზაციით 55 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. გამოდის, რომ საშუალოდ, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ქართველის მიერ საბარათო ოპერაციებით დახარჯული თანხა 5,665 ლარს შეადგენს.
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამ გაზარდა ტურისტულ პაკეტებზეც მოთხოვნა. ტურპაკეტებზე მოთხოვნამ კი მისი ღირებულება გაზარდა. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროპის მიმართულებით ტურისტული პაკეტების ღირებულება 15-20%-ით გაძვირდა. ამის მიზეზი ავიაბილეთების მაღალი ფასია. მართალია, სასტუმროსა და სხვა ტიპის მომსახურების ფასი უცვლელია, მაგრამ ბილეთების მკვეთრმა გაძვირებამ პაკეტის საერთო ღირებულება მაინც გაზარდა. მიუხედავად ამისა, ინტერესი არ შენელებულა.
IPM-ის კვლევის მიხედვით, ევროპის მიმართულებით მოთხოვნა, საშუალოდ, 30-40% არის გაზრდილი, ხოლო მოთხოვნა ყველაზე მეტად კვიპროსის მიმართულებით ფიქსირდება, სადაც ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება. ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ ,,ვიზ-ეარის” შემოსვლამ და `შეღავათიანი ფრენების~ ალტერნატივამ, საკმაოდ ეფექტური შედეგი გამოიღო.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ვიზიტორების მიერ საბანკო ბარათებით დახარჯულ თანხას, მან 2017 წლის ივნისში 165 მილიონი ლარი შეადგინა.
ბაჩანა ჯინჭარაძე