“ლარის მკვეთრი დევალვაციის ფუნდამენტური, მაკროეკონომიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს”

ლარის მკვეთრი გაუფასურების ფუნდამენტური, მაკროეკონომიკური საფუძვლები დღეს არ არსებობს, იმ მონაცემებზე დაყრდნობით რაც დღეს გაგვაჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაში არსებული რეალობა და მიმდინარე პროცესები არ ქმნის საფუძველს ლარის მკვეთრი დევალვაციის.

კოვზანაძის განმარტებით, საქართველოში მოქმედებს თავისუფალი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ლარის კურსს განსაზღვრავს ბაზარი, უფრო სწორედ კი ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდება. შესაბამისად, ეს ნიშნავს რომ მოძრაობა შეიძლება გვქონდეს ორივე მიმართულებით, როგორც გამყარების ასევე გაუფასურების მიმართულებით.

”მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ლარის გამყარების პროცესს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში რომ არ მომხდარიყო ლარის ზედმეტი გამყარება ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 110 მლნ. აშშ დოლარი, გაზარდა სავალუტო რეზერვები და ხელი შეუწყო მონეტარული სტაბილურობის შენარჩუნებას ქვეყანაში. რაც შეეხება ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებას, იგი შეიძლება მოლოდინებით და ფსიქოლოგიური ფაქტორებით ავხსნათ. საერთო ზოგადი მოლოდინი იყო, რომ ზაფხულში ლარი გამყარდებოდა, ხოლო სექტემბრიდან გაუფასურდებოდა. აგვისტოს ბოლოს, როდესაც კურსი ოდნავ გაუფასურდა, ეს გახდა სიგნალი მათთვის ვინც აგვისტოში შედარებით დაბალ კურსს ელოდებოდა, რომ ეყიდათ უცხოური ვალუტა, რამაც მოთხოვნის ზრდა და კურსზე დამატებითი ზეწოლა გამოიწვია. მინდა გავიმეორო, რომ ლარის მკვეთრი დევალვაციის მაკროეკონომიკური საფუძვლები დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, კურსის აღნიშნული რყევა დროებითი და მოკლევადიანი ხასიათისაა“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.