დიმიტრი ქუმსიშვილი: Moody’s-ი ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუტების სიძლიერეს

სარეიტინგო კომპანია Moody’s-ი ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ერთი საფეხურით გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. Moody’s-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იმყოფებოდა.

„სარეიტინგო კომპანია, ასევე, ხაზს უსვამს ეკონომიკისა და ინსტიტუტების სიძლიერეს – ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ადასტურებს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივას“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სარეიტინგო სააგენტო კვლავ ელის ეკონომიკისა და შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერებას და დადებითად აფასებს ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ მიმართულ მიმდინარე ღონისძიებებს.