დავით ჭიჭინაძე: ბანკები მომსახურებიდან და ჯარიმებიდან მეტ მოგებას იღებენ, ვიდრე საბანკო საქმიანობიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მომხრეა, რომ კომერციული ბანკების აქციონერებს არაპროფილური საქმიანობა შეეზღუდოთ. ჭიჭინაძე „ეროვნული ბანკის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ რეგულაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონტროლი ეროვნულ ბანკს იმ მოტივით დაემატა, რომ ისინი პირამიდებად არ გადაკეთდნენ. 

მისი შეფასებით, აქამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ კარგად მუშაობდნენ და ამ თვალსაზრისით ბაზარი დიდია.

„ვთვლით, რომ ბანკებისთვის ეს ბაზარი მიმზიდველი გახდა და ცვლილებების ინიცირება სწორედ ამ ბაზრის შემცირებას ემსახურება, რადგან ბაზარი დაახლოებით ხუთ მილიარდამდეა. ბანკების მიერ შემოღებულ ე.წ. შავ სიებში 500 ათასი ადამიანია და 300 ათასამდე მოსახლეობის ისეთი კატეგორიაა, რომელსაც სტაბილური შემოსავალი არ აქვს. ანუ, ის ბანკის მომსახურებით ვერ სარგებლობს და მიკროსაფინანსოებს აკითხავს. ამ თვალსაზრისით, რეგულაცია საჭიროა, მაგრამ თუკი რეგულაციას ამ ნაწილში ვიწყებთ, ასევე უნდა მოხდეს საინვესტიციო ფონდებთან მიმართებითაც.

25-30 მილიონის არაპროფილური საქმიანობა ქვეყანას ისევ მონოპოლისტურ საქმიანობამდე მიიყვანს. ეს არის ხვრელი, რომელიც არაპროფილურ საქმიანობას არ კრძალავს. ბანკების აქციონერებს მონოპოლიური მდგომარეობა აქვთ ფულის მოზიდვასთან დაკავშირებით. ამიტომ ის მოგებები, რომლებიც მათ აქვთ, საბანკო საქმიანობიდან მიღებული არ არის, ბანკები არაპროფილურ საქმიანობას ფლობდნენ და ეს მოგებებიც სწორედ იქიდან არის მიღებული. 

თუ მათ ბანკირობა უნდათ, ბანკირები უნდა იყვნენ და თუ უნდათ, მშენებლები იყვნენ, მშენებლები უნდა იყვნენ. რაღაც უნდა დათმო. როცა ეს შეიზღუდება, ბანკები ვალდებული იქნებიან, სესხები უფრო ხელმისაწვდომი გახადონ, რადგან მოზიდული თანხები განთავსებას საჭიროებს. მათ მოგება საბანკო საქმიანობიდან უნდა მიიღონ, მაგრამ რომ ნახოთ, საბანკო საქმიანობიდან მიღებული მოგება უფრო ნაკლებია, ვიდრე მომსახურებიდან და ჯარიმებიდან.

იურიდიული პირებიდან მიღებული მოგება 10 მილიონი ლარია, დანარჩენი კი მოსახლეობიდან არის მიღებული, რაც ქვეყნისთვის კარგი არ არის“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.