მანიპულაცია ციფრებით: საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონის ლიდერი არ არის
სომხეთის მშპ აშკარად უფრო მეტად იზრდება, ხოლო თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ერთნაირია
მთავრობა ეკონომიკური ზრდის მონაცემებით მანიპულირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოში არსებულ მდგომარეობას რეგიონში საუკეთესოდ მიიჩნევს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით რეგიონის ლიდერი სომხეთია. 2017 წლის 3 კვარტალში სომხეთის ეკონომიკურმა ზრდამ 5.3%-ს მიაღწია (ოქტომბრის მონაცემები იქ ჯერ დათვლილი არ არის). რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან იანვარ-სექტემბერში მშპ-ს საშუალო ზრდა 4.7%-ია, რაც აშკარად ჩამორჩება მეზობლის მაჩვენებელს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თვეში ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო უშუალოდ ოქტომბერში 5,7%-იანი წინსვლა აღინიშნა. იგი ამტკიცებს, რომ საქართველო რეგიონში საუკეთესოა.
“კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, რომელიც გამოქვეყნდა, არის ის, რომ, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ზრდა 5.7% გახლავთ, 10 თვეში კი, საშუალოდ, 4.9%-იანი მატება გვაქვს. ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი. ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში.
დარწმუნებული ვარ, პროექტები, რომლებსაც ხელი მოეწერა და რომელთა განხორციელება მალე იგეგმება, შექმნის გაცილებით მეტ დინამიკას და მომავალ წელს, ყველა პროგნოზით, ველით უკეთეს ეკონომიკურ ზრდას, ვინაიდან წელს მოლოდინს გადავაჭარბეთ. გაისად უნდა ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პროგნოზს გადავაჭარბოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის მოსაზრებას ეთანხმებიან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც. დეპუტატ ლევან კობერიძის თქმით, დღეისათვის რეგიონში ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს და ეს არის გააზრებული და პროფესიონალურად მართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. “კვირიკაშვილის ფაქტორი”, როგორც მოიხსენიებდნენ უცხოელი ინვესტორები და პარტნიორები, რეალობაში იძლევა იმ შედეგს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავართ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობამდე”, – განაცხადა კობერიძემ.
“რეზონანსმა” გადაამოწმა, რამდენად არის საქართველო მშპ-ს ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერის პოზიციაზე და აღმოაჩინა, რომ ამიერკავკასიაშიც კი სომხეთს აშკარად ჩამოვრჩებით. 2017 წლის 3 კვარტალში სომხეთის ეკონომიკურმა ზრდამ 5.3%-ს მიაღწია (ოქტომბრის მონაცემები იქ ჯერ დათვლილი არ არის). რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან იანვარ-სექტემბერში მშპ-ს საშუალო ზრდა 4.7%-ია. ოქტომბრის საუკეთესო მაჩვენებელიც რომ გავითვალისწინოთ (5,7%), ჩვენი მეზობლის შედეგს მაინც ჩამოვრჩებით, რადგან იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მშპ 4,9%-ით გაიზარდა. სხვათა შორის, 5%-იანი მაჩვენებელი აქვს თურქეთსაც.
ეკონომისტები მთავრობის წევრთა გაბუქებულ ნათქვამს გადაუმოწმებლად ან პრესტიჟის ასამაღლებლად განზრახ ნათქვამად მიიჩნევენ. “ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტ პაატა შეშელიძის აზრით, რომ არა მთავრობის პოლიტიკის ხარვეზები, ბევრად მაღალი შედეგი უნდა გვქონდეს. მათი პოლიტიკა ხელს კი არ უწყობს წინსვლას, არამედ აფერხებს მას.
“განცხადება ალბათ გადაუმოწმებლად ითქვა ან შეიძლება სპეციალურად, პიარისთვის. მოსახლეობაში ამას არავინ გადაამოწმებს და დაიჯერებენ, რასაც მთავრობა იტყვის. ამ ეტაპზე რეგიონში მართლაც სომხეთი ლიდერობს, ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი მას ნამდვილად აქვს.
რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის ხარვეზები რომ არა, ბევრად მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. მათი პოლიტიკა ხელს კი არ უწყობს წინსვლას, არამედ აფერხებს მას. საერთოდაც, მთავრობას არ უნდა ჩავუთვალოთ დამსახურებად მაღალი მაჩვენებელი, არამედ მისი არასწორი გადაწყვეტილებების გამო გვაქვს ასეთი შედეგი. მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, ხალხი მეტ-ნაკლებად მუშაობს და რაღაცას აკეთებს ქვეყნისათვის”, – განუცხადა “რეზონანსს” შეშელიძემ.
დღეს არსებული ეკონომიკური ზრდა საკმარისად არ მიაჩნია ეკონომისტ გიორგი ღაღანიძეს. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, როცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 5-6%-ის ფარგლებშია, ეს ცუდი მაჩვენებელია. საქართველო ბევრად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. საჭიროა უფრო მეტი ტემპი და ამისთვის შესაბამისი ზომების მიღებაა აუცილებელი.
“სიმართლეა, რომ რეგიონში ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი სომხეთს აქვს. შესაძლოა, ინფორმაციის გადაუმოწმებლად თქვეს. საერთოდ კი, როდესაც ეკონომიკური ზრდა 5-6%-ის ფარგლებშია, საქართველოს დარი ქვეყნისთვის ცუდი მაჩვენებელია. ჩვენ ხომ ბევრად ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს.
კარგია, რომ საშუალოზე ოდნავ მეტი გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა ეს არ კმარა, გვჭირდება გაცილებით მაღალი ტემპი. განსხვავება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უნდა შემცირდეს. ასეთი ტემპით კი, რა თქმა უნდა, ვერანაირად შემცირდება”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ღაღანიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა მეტ-ნაკლებად შესამჩნევი გახდა, ეკონომისტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის 5%-იანი მაჩვენებელი დაბალია. თუ ქვეყანამ ამ სვლით განაგრძო განვითარება და პოლიტიკა არ შეცვალა, ერთ ადგილზე გაიყინება.
“არ შევეხები პრემიერის განცხადებას, არც რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას შევადარებ. მთავრობას ამჯერად აქვს უფლება, ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბროს, შარშანდელთან შედარებით ურიგო მაჩვენებელი არ არის, თუმცა ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის ეს სასიხარულო ნამდვილად არ არის. ისიც აღსანიშნავია, რომ ქვეყანა გამოდის უმძიმესი მდგომარეობიდან და იქნებ სწორმა პოლიტიკამ უფრო სწრაფად განავითაროს.
ასე თუ გავაგრძელეთ განვითარება, რა ტემპითაც დღეს მივდივართ, ვერასდროს პრობლემას ვერ გადავჭრით. 14-მილიარდიანი ეკონომიკა 4-5%-ით იზრდებოდეს, ეს ნიშნავს ერთ ადგილზე გაყინვას”, – განუცხადა “რეზონანსს” გიორხელიძემ.