როგორ ხვდებიან სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის ტურისტულ სეზონს

ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, საქართველოში უფრო და უფრო ვითარდება ზამთრის კურორტები. იზრდება მათი რაოდენობა და ინფრასტრუქტურაც უფრო დახვეწილი ხდება. ბოლო დროს საქართველო სულ უფრო წინ მიიწევს ევროპის სამთო-სათხილამურო კორორტების რეიტინგში.

საქართველოში არსებულ ზამთრის ყველა კურორტზე სეზონი გახსნილია და მათი გახსნის თარიღები შემდეგნაირად გამოიყურება: გოდერძი – 9 დეკემბერი, გუდაური – 10 დეკემბერი, ბაკურიანი (დიდველი ) – 12 დეკემბერი. სვანეთი – 17 დეკემბერი, თუმცა მესტიაში გაუკვალავში სრიალის სეზონი 2 დეკემბრიდან უკვე გახსნილი იყო.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე უკანასკნელი წლების განმავლობაში, რეკორდულად იზრდება ტურისტების რაოდენობა. შესაბამისად, იზრდება ინვესტორების დაინტერესებაც და საქართველოს მასშტაბით, ოთხივე სამთო-სათხილამური კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია-ჰაწვალი) მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.

გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა მიმდინარე წელს და როგორ ხვდებიან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის ტურისტულ სეზონს.

მესტია

2017 წლის ბოლოს სრულდება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი 1200 მეტრი სიგრძის საბაგიროს მშენებლობა. საბაგირო არის 6 კაციანი ღია სავარძლის ტიპის და დამზადებულია Doppelmayr-ის, ამ სფეროში საუკეთესო მწარმოებლის მიერ. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთას და ცენტრს ერთმანეთთან დააკავშირებს. გარდა ამისა, მესტიის ხუთ სოფელში გაიხსნა ბავშვებისთვის განკუთვნილი საბაგიროები. მესტიაში, ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე გაიხსნა Cloud Base Hut – ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე კოტეჯი, რომელიც იტევს 15 ადამიანს. ქლაუდბეისი გათვლილია მათზე, ვისაც იზიდავთ გაუკვალავში, გრძელ ტრასებზე და სხვადასხვა რელიეფზე სნოუბორდით ან თხილამურებით სრიალი. მთელი სვანეთის მასშტაბით (მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულში და ლენტეხში) აშენდება შედარებით პატარა საბაგიორებიც, რომლის მიზანიც არის ადგილობრივებში ზამთრის სპორტის ხელშეწყობა.

გუდაური

10 დეკემბერს, გუდაურში სეზონის გახსნას უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ბევრი უცხოელი. რომლებსაც ზამთრის, თოვლისა და ექსტრემალური დასვენების სიყვარული აერთიანებდათ. გუდაურში 14 საბაგირო და 20 სასრიალო ტრასაა, რაც დამსვენებელთა ნებისმიერ კატეგორიაზე არის გათვლილი. განახლდა და დაიხვეწა ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზის დამონტაჟება; ბოლო დროს პოპულარულ Quardum Hotel-ს 2018 წლისთვის ემატება იოგას დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა და რესტორანი. სასტუმრო იმუშავებს ოთხივე სეზონზე; გუდაურში დაწყებულია პატარა ქალაქის შენება, სადაც უკვე დასრულდა 5 სასტუმროს ტიპის სახლის მშენებლობა. ასევე, არის კაფეები, რესტორნები და მრავალი სხვადასხვა გასართობი ობიექტი; 2019 წლისთვის დასრულდება გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, ღადისსონ Blu Mountain Resort Gudauri-ს მშენებლობა.

ბაკურიანი
დიდველის სათხილამურო ტრასა 12 დეკემბერს გაიხსნა, ხოლო კოხტა-მიტარბის ტრასა 23 დეკემბერს. განახლდა და დაიხვეწა ინფრასტრუქტურა; გაკეთდა კოხტა-მიტარბის დამაკავშირებელი სათხილამურო ტრასა; მიტარბის სათხილამურო კურორტს დაემატა ახალი სათხილამურო გზები; გაიხსნა აპარტჰოტელი the Valleey Bakuriani, რომელიც კურორტის ტურისტულ ცენტრში, დიდველის ტერიტორიაზეა და მუშაობს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებით; კინოთეატრ ,,დიდველში’’ გაიხსნა საინფორმაციო სივრცე, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა გაიგოს ნებისმიერი ინფორმაცია და სიახლე, რაც ბაკურიანს უკავშირდება.

გოდერძი

მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 9 დეკემბერს გაიხსნა. გოდერძი წელს დამსვენებელს ბევრი სიახლით ხვდება. 2017-2018 წლების ზამთრის სეზონზე ტურისტებისთვის იმუშავებს ორი დიდი საბაგირო (გონდოლას და ბაბლის ტიპის). კურორტ გოდერძიზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან კი 2366 მეტრია.

გოდერძის სათხილამურო კურორტს დაემატება ორი მცირე ზომის საბაგირო.200 მეტრიანი ბიგელი და 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა; მოწყობა სპეციალური სივრცე ბავშვებითვის; გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები; გაიხსნება კინოთეატრიც; გოდერძის კურორტზე მალე დამთავრდება 6 ახალი სასტუმროს მშენებლობა, სადაც ჯამში 435 ადამიანს შეეძლება დარჩენა. სასტუმროები უზრუნველყოფს 500 სამუშაო ადგილს.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, გოდერძი მალე გახდება თანამედროვე ტიპის კურორტი.

ფასები კურორტებზე

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, დაახლოებით რამდენი ლარით გაძვირდება პაკეტები, თუმცა ზამთრის კურორტებზე არსებული სასტუმროების წარმომადგენლები მოსალოდნელ ცვლილებებს უკვე აანონსებენ. ამის მიზეზად ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები რეგიონებში გაზის გაძვირებას ასახელებენ, რასაც ლარის გაუფასურების ფაქტორიც ემატება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დენისა და წყლის გადასახადის მატების საფრთხეც არსებობს.

საოჯახო ტიპის სასტუმროებში ნომრის დაქირავება დღეში, სერვისის შესაბამისად, 30 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. სასტუმროების შემთხვევაში გადასახადი 150-200 დოლარიდან იწყება და მომსახურების შესაბამისად იზრდება. რაც შეეხება კოტეჯებს, ფასი 130-დან 800 ლარამდე მერყეობს. ხოლო თუ თქვენ ახალ წელთან შეხვედრას ზამთრის რომელიმე კურორტზე გადაწყვეტთ, სასტუმროს მომსახურებისთვის გაცილებით მეტის გადახდა მოგიწევთ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ვიდეორგოლს EURONEWS-ის მეშვეობით 400 მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს BBC. საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია BBC WORLD NEWS-მა დაიწყო. აღნიშნული ვიდეორგოლები საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებებისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

ანა ბაჟუნაიშვილი