აი, ჩვენ რა ვქნათ, იმ ხალხმა, ვისაც არცერთი მხარე არ მოგვწონს?!

“აი ჩვენ რა ვქნათ იმ ხალხმა ვისაც არცერთი მხარე არ მოგვწონს?! ვისაც არ გვაინტერესებს არც სხვისი სექსუალური ვნებები, მიდრეკილებები, გემოვნება და ორიენტაცია?”, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

“აი ჩვენ რა ვქნათ იმ ხალხმა ვისაც არცერთი მხარე არ მოგვწონს?! ვისაც არ გვაინტერესებს არც სხვისი სექსუალური ვნებები, მიდრეკილებები, გემოვნება და ორიენტაცია? არ გვხიბლავს ამ თემაზე ხმამაღალი ღრიალი, რადგან ეს ადამიანის პირადი ინტიმური ყოფა გვგონია! არ მოგვწონს არც ნარკოდამოკიდებულები, ამ თემის პროპაგანდა და ამ საკითხით მანიპულირება! ზუსტად ასევე ვერ ვიტანთ ნაციონალიზმით ნაკვებ აგრესიას, ურა პატრიოტიზმს და ყალბ რელიგიურობას, სხვის ჩაგვრას და შავბნელ მენტალობას, რა ვქნათ იმ ხალხმა ვისაც ნორმალურ საზოგადოებაში ცხოვრება გვინდა, იმ ევროპულ სივრცეში სადაც არავის ტენიან ცხვირში საკუთარ სექსუალურ გემოვნებას, სადაც განსხვავებული აზრისთვის სხვას თავს არ უტეხავენ, სადაც მღვდლები ქადაგებენ და მისიონერობენ და არა ტაბურეტებით დარბიან, სადაც სტუდენტები სწავლობენ და პატრიოტიზმს მიტინგებსა და ლოზუნგებში კი არა, არამედ შრომაში, შენებაში, გამოგონებაში, ფეხბურთის თამაშში, ჯარში სამსახურში ხედავენ?! ჩვენ რა ვქნათ ჩვენ ვისაც მშვიდი ცხოვრება, შრომა და საქმის კეთება გვინდა, რადგან ვიცით რომ მხოლოდ ეს გზა გაიყვანს ამ ქვეყანას სამშვიდობოს?!”, – წერს კალანდია.