ახალი რეგულაციით, საპროცენტო განაკვეთებზე და ჯარიმებზე ზედა ზღვარი დაწესდება

ფინანსთა საიმინისტრო სალომბარდე სესხებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს მთავრობას დაახლოებით ერთ კვირაში წარუდგენს

ფინანსთა სამინისტრო სალომბარდე სესხებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს მთავრობას დაახლოებით ერთ კვირაში წარუდგენს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, 25 მაისს ჩაინიშნება მთავრობის სხდომა, რომელზეც მისი უწყება ახალ რეგულაციებს ოფიციალურად წარადგენს. ამასთან, ბახტაძე განმარტავს, რომ ახალი რეგულაციები შეეხება, როგორც უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფის შეზღუდვას, ასევე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე და ჯარიმებზე ჭერის დაწესებას.

„რაც შეეხება ლომბარდებთან დაკავშირებულ რეგულაციას, სავარაუდოდ, 25 მაისს გაიმართება მთავრობის სხდომა, სადაც ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურად წარადგენს ამ მიმართულებით ახალი რეგულაციის თაობაზე ინიციატივას. ჩვენი მიდგომაა, ფინანსურ სექტორში ჩვენ არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია, რომელიც გარკვეული სპეკულაციის საშუალებას იძლევა. ფინანსურ სექტორში ყველა მოთამაშეზე, იურიდიული პირია თუ ფიზიკური პირი, მასზე უნდა ვრცელდებოდეს ერთიანი რეგულაცია. ეს შეეხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის დაწესებას, ასევე შეეხება რეგულაციას, რომ ასეთივე ჭერი დავაწესოთ ჩვენ ჯარიმებზე და ჯარიმები კრედიტორმა უნდა დათვალოს გადასახდელი თანხიდან და არა თავდაპირველად გაცემული თანხიდან. ამასთან ერთად გვექნება შეზღუდვები ე.წ. ლომბარდის სესხებთან დაკავშირებით რეგისტრირებულ ქონებებზე, რომელიც ძირითადად არის ავტომანქანები და უძრავი ქონება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.