საქართველოსა და ჰონგ–კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდება

საქართველოსა და ჰონგ–კონგს შორის, მიმდინარე თვის ბოლოს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ევროკავშირთან, ჩინეთთან – რომელიც უახლოეს წარსულში ამოქმედდა, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, უახლოეს ხანში, ჰონგ–კონგიც შეემატება, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულება Belt and Road-ის სამიტის ფარგლებში გაფორმდება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ღია ეკონომიკას, ღიას – ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.