“რუსები რაღაცისთვის ემზადებიან” – ცხინვალში კადიროვის სპეცრაზმები გადმოისროლეს

აგვისტოს ომის დღეებს რუსეთი დიდი სამხედრო სწავლებებით ხვდება ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსულმა არმიამ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარწმის პოლიგონზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო სამხედრო დრონებითა და “ისკანდერებით” წარმოსახვითი მტრის მოსაგერიებლად და გაცხადებული მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება და უღელტეხილების დაცვაა.

როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სპეცსამსახური აცხადებს, ამ წვრთნებისას წარმოსახვითი მოწინააღმდეგის 30 უპილოტო გაანადგურეს.

გარდა ცხინვალის რეგიონისა, რუსეთი სამხედრო წვრთნებს ასევე უკვე ერთი კვირაა, ატარებს ოკუპირებულ აფხაზეთში და, ჯამში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე წვრთნებში 600-მდე სამხედრო მოსამსახურე და 1000-მდე სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

როგორც უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ამ დღეებში დაწყებული სამხედრო წვრთნები – ეს არის 2008 წლის 8-12 აგვისტოს ომის სცენარის მოდელირებული გამეორება და კრემლის პირდაპირი მუქარა.

“მედვედევი გვემუქრება, 58-ე არმია სრულად ემზადება საომარი მოქმედებებისთვის. გარდა ამისა, კადიროვის სპეცდანიშნულების რაზმებში გამოცხადებულია სრული საბრძოლო მზადყოფნა და რამოდენიმე ოცეული სადაზვერვო-საშტურმო გადმოისროლეს ცხინვალში. ცხინვალში კადიროველების გამოჩენა აჩვენა “ზვეზდამ”.

“საბრძოლო მოქმედებების ერთგვარი იმიტაცია ხდება. ეს არ არის ჩვეულებრივი, გეგმური წვრთნების მოდელი და ძალიან წააგავს 2008 წლის სწავლების მოდელირებას და ეს საყურადღებოა. როგორც ჩანს, ასეთი ვითარება იქნება, სანამ არ დასრულდება ნატო-ს წვრთნები. შემდეგ ვნახოთ, რა “სიურპრიზებს” შემოაგდებს რუსეთი”, – აცხადებს მაისაია.

ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო სწავლებები არის მოსკოვის პასუხი ჩვენთან დაწყებული ნატო-ს წევრი ქვეყნების ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებზე, “ღირსეული პარტნიორი 2018”-ზე და ასევე რუსული წვრთნები არის რუსეთის პოლიტიკის ნაწილი – ჩვენთან სასაუბრო აგრესიული ენის ნაწილი.

“ეს სწავლება საქართველოში წლებია, ტარდება და რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, რომ ის არ შეიძლება აღქმული იქნას, როგორც საფრთხე, მით უმეტეს, რომ მონაწილე ქვეყნების რაღაც ნაწილი რუსეთის საწინააღმდეგო სწავლებებში მონაწილეობას არც მიიღებდნენ.

“მიუხედავად ამისა, საოკუპაციო რეჟიმებმა რუსული სწავლებები პირველად დაუკავშირეს საქართველოში მიმდინარე წვრთნებს, ასევე შეშფოთება გამოთქვა მოსკოვმაც. ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია.

“ეს რეჟიმები სახელმწიფოობანას თამაშობენ და ახმოვანებენ მოსკოვის პოზიციას, თითქოს საპასუხო სწავლებებია. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ “ღირსეული პარტნიორი” არ არის რამე აგრესიის საწინდარი, განსხვავებით 2008 წელს რუსეთის მიერ ჩატარებული “კავკასია 2008″-ისაგან, რომელიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნებისმიერი სამხედროს მიერ აღიქმებოდა, როგორც წინასაომარი ვითარება – ომის გაჩაღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენარი”, – ამბობს სალუქვაძე.

მისი თქმით, ჩვენ წლებია, თვალყურს ვადევნებთ, როგორც ხდება ოსური და აფხაზური ფორმირებების შეყვანა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთი როგორ ატარებს მუდმივად წვრთნებს. საქართველომ რუსეთის ეს მანევრები ყველა საერთაშორისო დონეზე მუდმივად უნდა გააპროტესტოს და ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი.

რუსული სამხედრო ბაზის ქვედანაყოფმა “სამხრეთ ოსეთში” სამხედრო დრონებით მასშტაბური სწავლება 6 აგვისტოს დაიწყო, რომელშიც უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების “ცე-300”-ებზე თავდასხმა და მოგერიება იგულისხმება. სწავლებაში ჩართული არიან ასევე რუსული სამხედრო ბაზის სნაიპერები.

როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იტყობინება, ტაქტიკური წვრთნებისას კომპლექსებით – “კრასუხებითა” და “პანცირებით” გაანადგურეს წარმოსახვითი მტრის 30 უპილოტო თვითმფრინავი.

მოტომსროლელებმა სწავლების ფარგლებში დაამუშავეს უღელტეხილებისა და გვირაბების ხელში ჩაგდებისაგან თავდასაცავი ბრძოლებიც. სწავლება სოფელ ძარწმის პოლიგონზე მიმდინარეობს და მასში 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 400 სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

“სამხრეთ ოსეთის” სოფელ ძარწმის პოლიგონზე ასევე წარმოსახვით მტერთან საბრძოლველად რუსული 58-ე არმიის წვრთნებიც დაიწყო “ისკანდერ-ქ”-ებით.

ერთი კვირის წინ კი, 2 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა მასშტაბური წვრთნები დაიწყეს ოკუპირებულ აფხაზეთში. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ტაქტიკურ მანევრებში 2 500 ჯარისკაცი და 600 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას იღებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითები და მოტომსროლელი დანაყოფი.

ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსული მასშტაბური სწავლებები, რომელიც გეგმური არ ყოფილა, ძალიან დამაფიქრებელია.

“თუ გავითვალისწინებთ იმ ელემენტს, რომ რუსები ინტენსიურად ახორციელებენ დრონებით უპილოტო თვითმფრინავების განადგურების იმიტაციას, თანაც, სწავლებაში ჩართულია 58-ე არმია და სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზაციაც ხდება, ეს აშკარად არა მარტო სამხედრო ძალის დემონსტრირება და მუქარაა, არამედ – სამხედრო რისკის დაფიქსირებაც.

“რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება იმას, რომ რუსეთმა ძალიან სერიოზულად აღიქვა საქართველოში მიმდინარე ნატო-ს წვრთნები. ასევე გამორიცხული სულაც არ არის, რომ რუსეთს ჩაფიქრებული ჰქონდეს მცირე ინტერვენციის განხორციელებაც და მეორე “აგვისტოს ომის” დაწყებასაც არაფერმა შეუშალოს ხელი.

“მით უმეტეს, რუსებმა სომხეთშიც ჩაატარეს ანალოგიური წვრთნები და, ფაქტობრივად, რუსები ამ სამივე წვრთნებისას უცაბედი შეჭრისა და დასახლებული პუნქტების დაკავების მოდელირებას ახორციელებენ, რაც იძლევა იმის ინდიკაციას, რომ რუსები რაღაცისთვის ემზადებიან და ეს სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის.

“რუსების ლოგიკასა და აზროვნების სტილს საზღვარი არ გააჩნია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ რეალური კეისიც გვაქვს, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ინტერვენცია და საკმაოდ დიდი სიფრთხილე გვმართებს”, – დასძენს მაისაია.

 

წყარო: resonancedaily.com