“ანგელა მერკელი საქართველოში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია”

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ანგელა მერკელის ვიზიტი კონკრეტული მხარდაჭერის მიმანიშნებელია.

„ანგელა მერკელი საქართველოში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არის. გერმანიის კანცლერი დიდი ხანია არ ყოფილა საქართველოში და ეს არის კონკრეტული მხარდაჭერის სიგნალი, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. კონკრეტული გზავნილია, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს და მზად არის თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებზე განსახილველი მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, გამოწვევები, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები იქნება.

„ასევე, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, რადგან გერმანიას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს მსოფლიოში და აქვს ძალიან დიდი გავლენა. ტრადიციულად, გერმანია მხარს უჭერდა საქართველოს და ეკონომიკაში ჩართული იყო. აღნიშნული შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა.