ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის ოქტომბრამდე გადავადდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გავითვალისწინეთ ჯანო ამყოლაძის ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა და სახურავიდან ჩამოვიდა. ამავდროულად, გავითვალიწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება. ამის შემდეგ, მომავალი შეზღუდვა იქნება სეზონური, თუ სხვა ტიპის, მძღოლებთან ერთად გავივლით. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რათა სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც ასევე შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.