გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს ერთობლივი საწარმო „პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს.

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და „პოლატიოლი და მაპა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ემრეპოლატმა მოაწერეს.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, ოთხი სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის,გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდანქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

აღნიშნული პროექტი, გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და 2020 წლისთვის, სამტრედიიდან-ჭოროხამდე ჯამში 110 კმ-დე ახალი გზა, საშუალებას მოგვცემს საკურორტო ზონების გვერდის ავლით ჩქაროსნული გზით ვიმგზავროთ. რაც ქვეყნისთვის და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვების, ასევე ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა განსაზღვრული და ღირებულება 228 მილიონი ლარია.