ახალგაზრდა ადვოკატები: “მივმართავთ ეროვნულ ბანკს, გაკეთდეს განცხადება – რა ხდება „ნანოკრედიტში“ და რა ელოდება თანხებს”

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას აკეთებს და საქართველოს საფინანსო ბაზარზე მოქმედი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაცია „ნანოკრედიტთან“ დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ბანკისგან დაუყოვნებლივ განმარტებებს მოითხოვს, რაც ეხება კომპანიაში შექმნილი ფინანსური მდგომარეობის საკითხის შეფასებას და მოქალაქეების მიერ განთავსებული სახსრების უვნებლობისა და უსაფრთხოების საკითხს. ამასთან, შექმნილ ვითარებაზე, ორგანიზაცია მოითხოვს თავად კომპანიის მენეჯმენტის საჯარო განცხადებას, რაც გამორიცხავს ან დაადასტურებს კომპანიის გადახდისუუნარობის რეჟიმში მუშაობის საკითხს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2019 წლის იანვარში, კომპანიის არაერთი თამასუქის მფლობელი მოქალაქე დაუკავშირდა ორგანიზაციას და განუცხადა, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან „ნანოკრედიტმა“, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შეწყვიტა განთავსებულ თანხებზე პროცენტის თანხის დარიცხვა და არც ვადამოსული თამასუქის ანაზღაურება მოუხდენია. ორგანიზაციამ შეისწავლა წარმოდგენილი ხელშეკრულებები, მეორეს მხრივ კი კომპანიის მომხმარებლისგან მიიღო დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია ივარაუდება, რომ იმყოფება ფინანსური კრიზისის წინაშე. კონკრეტული შედეგისა და შეთანხმების გარეშეც დასრულდა კომპანიის მენეჯმენტსა და თამასუქარებს შორის გამართული 2019 წლის 2 თებერვლის შეხვედრა. თამასუქარების ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტი აღარ იღებს პასუხისმგებლობას განთავსებული სახსრების უსაფრთხოებაზე, რაც დაუყოვნებლივ მოითხოვს, როგორც კომპანიის დადასტურებას ან უარყოფას, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საგამოძიებო უწყებების შესაბამის გამოხმაურებას.

ორგანიზაცია დეტალურად გაეცნო მომხმარებლებთან კომპანიის მხრიდან 2018 წელს დადებულ ხელშეკრულებებს, რომლის დათქმები და პირობებიც, კაბალურია და განთავსებული თანხების დაკარგვის შესაძლებლობაზე მიუთითებს. კერძოდ, პროცენტიანი მარტივი – „ნანო თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებების მე-8 მუხლის 8.9 ქვეპუნქტი შეიცავს მომხმარებლის მიმართ შემდეგ შინაარსის პირობას და შეტყობინებას: „„ნანოკრედიტი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ბანკებისგან განსხვავებით, თქვენი შენატანის დაკარგვის რისკის შემცირებას ცდილობს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტის მიზანია გაცნობოთ, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით ფინანსური ინსტიტუტის ფინასნური მდგომარეობის შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება თქვენი პასუხისმგებლობაა. ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტი გამცნობთ აღნიშნული რისკების შესახებ, თუმცა ის არ მოიცავს ყველა დაკავშირებულ რისკს. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ აცნობიერებთ „ნანოკრედიტში“ სახსრების განთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს“, რაც ორგანიზაციის შეფასებით, პირდაპირ დარტყმის ქვეშ აყენებს მოქალაქეების საკუთრების უფლებას – ფულად სახსრებს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკს და ტვირტს უსაფუძვლოდ აკისრებს მხოლოდ მომხმარებელს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ კომპანიის 20-ზე მეტი თამასუქარი, შესაძლებელია, განთავსებული სახსრების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდეს. ხელშეკრულებების ნაწილი – ვადამოსულია, ნაწილი კი წარმოადგენს ბლოკირებულ თამასუქს და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, მომხმარებელს უფლება არ აქვს, მოითხოვოს კუთვნილი თანხის დაბრუნება, თუკი სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ორგანიზაციამ ორი თამასუქარის საქმეზე უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სამწუხაროდ, საქმეზე შეუძლებელი აღმოჩნდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების – აკრძალვის ან ყადაღის წარმოშობა, რადგანაც კანონით დადგენილი მონაცემის მიხედვით, კომპანიის სახელზე, არ ირიცხება მოძრავი ან უძრავი ქონება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ჩამოყალიბებულია პრაქტიკა და სასამართლო უარს ამბობს კომპანიის საბანკო ანგარიშების შეზღუდვაზე, მნიშვნელოვანია, მოქალაქეთა ინტერესების დაცვა შეძლოს სახელმწიფოს კომპეტენტურმა უწყებებმა, მათი მხრიდან მოხდეს სწრაფი და გადამჭრელი ზომების მიღება.

ცნობისთვის: კომპანია „ნანოკრედიტი“ ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლის 28 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ირაკლი ბერძენაძეა. ამჟამად, ხელმიუწვდომელია კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიც.