ვადაგასული გოდოლაძე – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე მესამე ვადით დარღვევით რჩება

კიდევ რას მოიფიქრებს ზურაბ ჯავახიშვილი?

“ბანკები და ფინანსები” ერთი კვირის წინ სკანდალებში გახვეული თეა გოდოლაძის ბიზნესინტერესებზე და მის ბიზნეს-მეწილე ზურაბ ჯავახიშვილზე წერდა.

ზურაბ ჯავახიშვილი ამჟამად ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორია გეოფიზიკის მიმართულებით და ამავდროულად ოფიციალურად არის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის კონსულტანტი და ანაზღაურებასაც იღებს.

თუმცა, თეა გოდოლაძის ქვეშევრდომობამდე მას ხანგრძლივი, როგორც სამეცნიერო, ასევე ჩინოვნიკური და ბიზნესმენობის გზა აქვს გავლილი.

ზურაბ ჯავახიშვილი იყო საქართველოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი, შემდგომში სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან. იყო ამავე უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიგი თევზაძის რექტორობის დროს.

სწორედ ზურაბ ჯავახიშვილს უკავშირდება თეა გოდოლაძის დაწინაურება ჯერ სეისმური მონიტორინგის ცენტრის თეორიული სეისმოლოგიის განყოფილების უფროსისა და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, შემდეგ ცენტრის დირექტორის მოადგილედ და ბოლოს ცენტრის დირექტორად.

თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, რადგან 2006 წლიდან დღემდე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორებად ინიშნებიან მხოლოდ ერთი შპს დამფუძნებლები.

ზურაბ ჯავახიშვილმა შეძლო, ღიად დეკლარირებული ლიბერალური და არაკლანური მმართველობის მქონე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეექმნა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული და გაუმჭვირვალე სტრუქტურა. მოცულობით მომცრო, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრუქტურა და მან იქ საფუძველი ჩაუყარა კლანურ მმართველობას. სეისმოლოგთა ამ  კლანმა, წლების განმავლობაში,  ისე გაიდგა ფესვი, რომ მის შერყევას, ფაქტია, დღემდე ვერ ახერხებს ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია.

 

 

როგორ იწრთობოდა კლანი

რომ გავიგოთ, როგორ იწრთობოდა ფოლადი კი არა და კლანი, უნდა დავიწყოთ სულ თავიდან.

2006 წლის 1 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის #93 ბრძანებით, ზურაბ ჯავახიშვილი ინიშნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის -სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

ეს სსიპი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა.

2008 წლის 28 თებერვალს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გია ნოდიას #183 ბრძანებით მტკიცდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდება, ხოლო პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის #220 ბრძანებით სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორად ზურაბ ჯავახიშვილი ინიშნება.

2008 წლის ბოლოს, კერძოდ 18 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნიკა გვარამიას #1123 ბრძანებით ,„სსიპ – სეისმური მონიტორინგის ცენტრის სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის №209 დადგნილების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად ცხადდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 თებერვლის 183 ბრძანება.

ასეთია სეისმური მონიტორინგის ცენტრის სამართლებრივი სტატუსისა და ზურაბ ჯავახიშვილის პოზიციური ცვლილებების ოფიციალური ნაწილი.

ნიკა გვარამიას ბრძანებით, სეისმური მონიტორინგის ცენტრი საბოლოოდ ხდება ილიაუნის ნაწილი და ზურაბ ჯავახიშვილი უკვე ილიაუნიში აგრძელებს თავის საქმიანობას.

თუმცა, ამ ტრანსფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე, განათლების სამინისტროს სსიპი-დან ილიაუნის სტრუქტურულ ერთეულად გადაქცევამდე, 2007 წლის 29 ოქტომბერს, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ჯავახიშვილი, მისი მოადგილე მიხეილ ელაშვილი და მათი თანამშრომელი თეა გოდოლაძე და მალხაზ გიგიბერია აფუძნებენ კომპანიას შპს „სეისმიკ კონსალტინგ“.

შპს-ს იურიდიული მისამართი თეა გოდოლაძის საცხოვრებელი ბინაა – ქ. თბილისი, ჩხეიძისქ. #46.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო სსიპის ხელმძღვანელი პირები აფუძნებენ კერძო კომპანიას, რომლის წესდებაც ერთიერთში იმეორებს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფუნქციებს და ამოცანებს.

 

 

შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დირექტორად ინიშნება თეა გოდოლაძე, ხოლო წილები პარტნიორებს შორის ასე ნაწილდება:

ზურაბ ჯავახიშვილი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – წილი შპსში – 30%;

თეა გოდოლაძე – სეისმური მონიტორინგის ცენტრის თეორიული სეისმოლოგიის განყოფილების უფროსი – წილი შპსში  – 40%;

მიხეილ ელაშვილი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე – წილი შპსში – 20%.

მალხაზ გიგიბერია – 10%.

ამას, ალბათ , რაღაც გაგრძელებებიც მოყვებოდა ბიზნესსაქმიანობაში და ეს წარმატებული საჯარო მოხელეები წარმატებული და შეძლებული ბიზნესმენებიც გახდებოდნენ, მაგრამ ამეების კვლევა ამ ბლოგის არც მიზანი და არც ამოცანაა და თუ ვინმეს აინტერესებს, ესეც იკვლიოს. ჩვენ კი დავუბრუნდეთ შპს „სეისმიკ კონსალტინგის“დამფუძნებლებისა და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორების არჩევის საეჭვო დამთხვევებისა და ურთიერთკავშირის საკითხს.

2006 წლიდან დღემდე 15 წელია გასული. ამ არცთუ მოკლე პერიოდის განმავლობაში ჯერ განათლების სამინისტროს სსიპისა და შემდეგ ილიაუნის სტრუქტურული ერთეულის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორად მხოლოდ 3 ადამიანია დანიშნული: ზურაბ ჯავახიშვილი, მისი მოადგილე მიხეილ ელაშვილი და მისი მოადგილე თეა გოდოლაძე.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორების საქმიანობის ვადები და თანმიმდევრობა ასე გამოიყურება:

2006-2008 წწზურაბ ჯავახიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – შპსსეისმიკ კონსალტინგ“-ის 30 პროცენტიანი წილის მფლობელი.

2008-2012 წწზურაბ ჯავახიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირქტორი – შპსსეისმიკ კონსალტინგ“-ის 30 პროცენტიანი წილის მფლობელი.

2012-2013 წწმიხეილ ელაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირქტორი – შპსსეისმიკ კონსალტინგ“-ის 20 პროცენტიანი წილის მფლობელი.

2013-2021 წწ (დღემდე) თეა გოდოლაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირქტორი – შპსსეისმიკ კონსალტინგ“-ის 40 პროცენტიანი წილის მფლობელი.

გარდა იმისა, რომ ეს სამივე პიროვნება, სხვა 4 მილიონამდე ადამიანის მსგავსად, ბედკრული საქართველოს შვილია, ამავდროულად, შენიშნავდით, სამივე მათგანი ერთი და იგივე შპსს დამფუძნებელია.

ანუ, რა გამოდის? ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორად ვერ დაინიშნები, თუ შპსსეისმიკ კონსალტინგ“-ის დამფუძნებელი არ ხარ?

ეს ფაქტია, რა დგას ამ ფაქტის უკან, ცალსახად, ძნელი სათქმელია. შეიძლება, რომ აქ იყოს კორუფციული ინტერესი? – რა გითხრათ, – არ მგონია გამორიცხული, რადგან ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის- სეისმური უსაფრთხოების ყველა მონაცემი დახურულია და მასზე კონტროლი აქვს დამყარებული ერთი შპსს დამფუძნებელ კლანს. სხვას ამ მონაცემებზე ხელი, უბრალოდ, არ მიუწვდება. მათ შორის, არც რექტორ ზედანიას, არც აკადემიურ საბჭოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია ზურაბ ჯავახიშვილი და თეაგოდოლაძე, არც მეცნიერებს და არც სტუდენტებს.

არის თუ არა ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანი? რა თქმა უნდა, არის.

მაგრამ ესეც არ არის მთავარი.

მთავარი, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ოდიოზური კლანი მონაცემებს საგანგებო მდგომარეობის სამსახურისთვისაც ხურავს. მიწისძვრებზე მონაცემების გაცემა მხოლოდ და მხოლოდ კლანის კეთილი ნებაა, და ეს კეთილი ნება „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ დებულებით არის განმტკიცებული.

დებულებაში კი წერია, რომ ინსტიტუტის ამოცანაა „ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში სასწრაფო (ოპერატიული) შეტყობინება. ქვეყნის მოსახლეობისა და მთავრობისათვის ინფორმაციის მიწოდება სტიქიის მასშტაბების შესახებ და კვალიფიციური შეფასება“.

დებულებაში არ წერია, რომელი მთავრობისთვის (არსებულის, ყოფილის, სხვა ქვეყნის) ხდება მონაცემების გადაცემა. ალბათ ამიტომაცაა, რომ სეისმური უსაფრთხოების ცენტრი მიწისძვრებზე არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას არც საქართველოს მთავრობას და არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას.

ეს უცნაური და შემაშფოთებელი ამბავი, ასე გამოკვეთილად ბოლო დღეებში გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.

ან რატომ მიაწვდის ამ ინფორმაციას ვინმეს, როცა ყველაფერს ერთი შპსს დამფუძნებლები აკონტროლებენ? ეს ხომ მათი კლანის კუთვნილი ინფორმაციაა.

გაუვიდა თუ არა ვადა და ყავლიც თეა გოდოლაძეს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისევ ბლოგის სათაურს დავუბრუნდეთ და დავუბრუნდეთ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დებულებას.

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს დებულება არ სცემს. თუ მას გავაანალიზებთ და პირველ საწყისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გია ნოდიას მიერ სსიპ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დამტკიცებულ წესდებას შევადარებთ, ერთმნიშვნელოვან განსხვავებას შევამჩნევთ – კერძოდ, მისმე-2 თავში (ცენტრის მართვა)  მუხლი #10, – ცენტრის დირექტორის არჩევის წესი,  –  #2 პუნქტში წერია, რომ ცენტრის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.

გამარჯობა, თეა. ვადაგასულია!

მათემატიკის დოქტორობა (ქალბატონი თეა გოდოლაძე სპეცილობით მათემატიკოსია, სეისმოლოგი მერე ეწოდა, ბატონი ჯავახიშვილის ხელდასხმით) არ სჭირდება 2-ის 4-ზე გამრავლებას და შედეგად 8-ის მიღებას.

ანუ, ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე შემზღუდავი ვადა თეა გოდოლაძისთვის 2021 წელს გავიდა.

ყველა წესით და კანონით, მესამე ვადა დაიწყო. მაგრამ კლანი რისი კლანია, თუ თაღლითობაზე აწყობილ სქემებში წესდებების, დებულებებისა და ყველა სხვა სახის დოკუმენტაციის „მოწესრიგება“ ვერ მოახერხა…

დებულებაში ამ პუნქტის წესდებიდან არგადმოტანაც სწორედ კლანის თავკაცის, შპს-ს მსხვილი მეწილის, გარკვეული „ტრიუკი“ იყო. დებულების ასეთი ტიპის რედაქცია სეისმურ ცენტრზე სადავეების სრულ კონტროლს განაპირობებს.

კლანის თავკაცი ცენტრს ილიაუნიში მხოლოდ 4 წელი განაგებდა, მიხეილ ელაშვილი 2 წლამდე, ახლა იქ ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე მათემატიკოსი დარჩა და მისი ამბიცია ვადის მესამეჯერ თვითნებურად გაგრძელება გახდა.

ჟანრის ლოგიკიდან და კანონებიდან გამომდინარე, თეა გოდოლაძის შემდეგ შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის მეოთხე დამფუძნებელი უნდა ყოფილიყო ცენტრის მორიგი დირექტორი. თუმცა, სავარაუდოდ, მან არ ისურვა ამ სქემაში მონაწილეობა.

დარჩა ისევ თეა გოდოლაძე, რომელიც აშკარაა, რომ „დავალებებს“ სწორად ასრულებს – შპსს ფარგლებს არ უნდა გაცდეს მონაცემები და ისინი პერმანენტული ზემოქმედების იარაღად უნდა იქცეს.

თუმცა, ერთი წუთით. მე მგონი, არის კიდევ ერთი კანდიდატი. იქნებ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი სალომე დოდაშვილი გახდეს? ქალბატონი სალომე შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დირექტორია 2010 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ. ანუ, მას შემდეგ, რაც თეა გოდოლაძე შპს-ს დირექტორობიდან გადადგა.

თუმცა, არა, ნაკლებად სავარაუდოა და არმგონია, რადგან ის მხოლოდ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ მაღალჩინოსნების მიერ დანიშნული დირექტორია და არაშპს-ს დამფუძნებელი.

მოკლედ, შეგვრჩა ისევ ვადაგასული თეა გოდოლაძე.

კლანს ასე სჭირდება. #წერტილი.

კლანის უსაფრთხოების ბალიში

კლანის სქემა გაშიფრულია. სქემის ყველა მონაწილის როლი და ფუნქციაც გამჟღავნებული.

მაგრამ რჩება სიუჟეტის საკვანძო ნაწილი, რომლის გარეშეც ეს მონათხრობი უფრო თრილერის თრეილერს წააგავს.

ყველა კლანი თუ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ე.წ. უკანდახევის სქემას გეგმავს, ან უსაფრთხოების ბალიშებს იმარაგებს უკანონო და თაღლითური ქმედებების ჩასაფარცხ-დასამალად, ან თავშესაფარს შედარებით დიდ ორგანიზებულ დაჯგუფებასთან ეძებს და მას მიმართავს დახმარებისთვის.

რას იზამს ჯავახიშვილის კლანი? საინტერესოა, რა მეთოდს გამოიყენებს ამ შემთხვევაში? რა თავშესაფარი აქვს ამორჩეული?

ესღა რჩება გასარკვევი.

 

გიორგი ცაგარეიშვილი