ჩემი აზრით, ქვეყნიდან გადინება დამოკიდებულია ლარის კურსზე – თემურ ჭყონია

„ქვეყნიდან გადინება დამოკიდებულია ლარის კურსზე (ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მე ხანდახან რაღაცას ვამბობ და ბევრი არ მეთანხმება)“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ რადიო „პალიტრისა” და “პალიტრანიუსის” გადაცემაში “საქმე” განაცხადა.

„ქვეყნებიდან სპეციალისტების გადინება არ არის ახალი, მარტო საქართველოში არ ხდება. მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი ქვეყნიდან წასვლის არის, რომ ერთი და იგივე დროში, შრომაში, ადამიანი იღებდა 3,5 ლარს, რომელიც შეეფარდებოდა 1 დოლარს, მას შეუძლია იგივე დროში 3 დოლარი გამოიმუშაოს სხვაგან, ვიდრე აქ. ანუ 3-ჯერ ნაკლებს გამოიმუშავებს აქ, ვიდრე სხვაგან.

ლარის კურსი ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ლარში ვუნაზღაურებთ, ბუნებრივად ეს გადაჰყავს დოლარში ან ევროში და ღებულობს მცირე თანხას. ამიტომ, ლარის კურსის სტაბილურობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობა, ეს ფსიქოლოგიური სტაბილურობაც არის ადამიანებში.

მათ ერთ საათში შეუძლიათ გამოიმუშაონ არა 1000 ლარი, არამედ 1000 დოლარი. შემდეგ ამ 1000 დოლარს ამრავლებენ ლარის კურსზე და გამოდის თვიური შემოსავალი 3500 ლარი, შემდეგ ამ თანხას უგზავნიან ახლობლებს და ლარში ასრულებენ კონკრეტულ ოპერაციებს.

ამიტომ, ქვეყნიდან გადინება დამოკიდებულია ლარის კურსზე (ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მე ხანდახან რაღაცას ვამბობ და ბევრი არ მეთანხმება). მერე, მეორე მომენტია, ადამიანი ფულს რომ შოულობს და დაკმაყოფილებულია, გართობა სჭირდება, ამ დროს საქართველში ძირითადად პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ და ჩხუბს ვუყურებთ ტელევიზიაში, პოლიტიკოსებს შორის, უაზრო ჩხუბს, უკულტუროს. არა პოზიტიურს.

ამის მოსმენა ახალგაზრდებს არ უნდათ და უნდათ გართობა, რაც ნაკლებად არის და ეპიზოდურია საქართველოში, მერე არის სასამართლო სისტემა, რომელიც ასევე მოქმედებს მიგრაციაზე, და ადამიანის ფსიქიკაზე; ასევე ჯანმრთელი პროდუქციის გამოშვების ხარისხზე.

აი ეს ყველაფერი კომპლექსში: ლარის კურსი, სამართლიანობა, გართობა, სერვისი, სისუფთავე ქუჩებში, კომფორტული გადაადგილება, მოქმედებს იმ თაობაზე, რომელიც ნახულობს ევროპაში როგორ ცხოვრობენ. ამიტომ, ბუნებრივია, მეგობრებო, ჩვენ თუ გვინდა, რომ ახალი თაობა, გინდაც მოხუცებული, ნებისმიერი ადამიანი საქართველოში ცხოვრობდეს, ბედნიერების ინდექსია მთავარი. ის ბედნიერების ინდექსი, რომელსაც ხშირად აქვეყნებენ. ჩვენ ამას სტატისტიკად მივიჩნევთ, მაგრამ ბედნიერების ინდექსი ნიშნავს იმას, რომ უნდა შევქმნათ ბედნიერება.

ბედნიერება შედგება შემოსვლებისგან, კომფორტული ცხოვრებისგან, გართობისგან, სიყვარულისგან, სისუფთავისგან. ხელფასი შეიძლება გქონდეს დიდი, მაგრამ თუ ვერ გამოიყენებ სწორი დანიშნულებით, ის ხელფასიც კარგავს აზრს. ამიტომ მიდიან უცხოეთში ახალგაზრდები. მერე მეორე, ნეპოტიზმია. ბევრი ადამიანია დასაქმებული სახელმწიფოს მართვაში. საკრებულოებში, გამგეობებში…

დღევანდელ ტექნოლოგიებში, როდესაც შეგიძლია დისტანციურად მართვა, მთვარეზე მართავენ დისტანციურად კოსმონავტებს, 10 კაცს და ჩვენ 10 კაცზე 14 პარლამენტის წვერი გვყავს. ამიტომ, რა დასაქმებაზეა საუბარი, მთელი მექანიზმი მორგებულია, რომ ადამიანს საქმე კი არ შეუქმნან, არამედ მისცენ რაღაც მცირე შემოსავალი, რომ შიმშილს გადაურჩნენ“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *