კობა გვენეტაძე – საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალოდ ინფლაცია შემცირდა

სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2023-2025 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას, ქვეყანაში არსებულ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ, საშუალოდ ინფლაცია შემცირდა. როგორც მან აღნიშნა, 2009-2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.6 პროცენტია, რაც საკმაოდ ახლოა ინფლაციის საშუალო მიზნობრივ მაჩვენებელთან.

„მოგეხსენებათ, 2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო და 2009 წლიდან მისი საშუალო დონე 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. შეგახსენებთ, რომ 1996-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 10.2% იყო. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს, ძირითადად, განვითარებად ეკონომიკებში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპის გამო, არავაჭრობად სექტორში შედარებით მაღალი ინფლაციით აიხსნება.

შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული.

ჩვენი ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დოლარიზაციაც, მიუხედავად ჯერ კიდევ მაღალი დონისა, ინფლაციის თარგეთირების შემოღების წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა, რაც დღესდღეობით გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *