დარგი მალე გაჩერდება, ადგილობრივი წარმოება აღარ გვექნება – „ნოზაძის მეფრინველეობა“

დარგი მალე გაჩერდება, ადგილობრივი წარმოება აღარ გვექნება, — ამის შესახებ „კომერსანტს“ „ნოზაძის მეფრინველეობის“ ხელმძღვანელმა მამუკა ნოზაძემ უთხრა.

მისი თქმით, გაძვირებული თვითღირებულებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში კომპანიას საფასო პოლიტიკის გადახედვა ხშირად უწევს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქათმის ფასი უკვე მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს, მისი 12 ლარად გაყიდვის შემთხვევაშიც კი, კომპანია მაინც წაგებაში არის.

„ამ საქმეს ალბათ მალე თავს დავანებებ. სახელმწიფო შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს, ვეუბნებოდით თავის დროზე დღგ მოხსენით თორემ დარგი გაჩერდება-თქო, მაგრამ არ მოგვისმინეს.

პროდუქციაში შემავალი ყველა კომპონენტი გაძვირებულია, ქათმის ხორცის წარმოება იმპორტზეა დამოკიდებული, მაგალითად სიმინდი, ქართულს ვერ ვყიდულობთ, რადგან ის განთავისუფლებულია დღგ-სგან, ქათამი კი დაბეგრილია, გამოდის მე ის სიმინდი დამებეგრა და უნდა გადავიხადო, ამიტომ იძულებული ვარ შემოტანილი ვიყიდო, ასევე მედიკამენტები, სოიო, კონცენტრანტები. გადასახადებსაც მწარმოებლები გაზრდილ ტარიფს ვიხდით, გაზის და დენის ტარიფი კი არარეალურ ნიშნულამდეა გაზრდილი.

სოფლის მეურნეობა დღგ-სგან თავისუფალია, მარტო კვერცხი და ქათამი ჰყავს სახელმწიფოს დაბეგრილი. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე დარგის წარმომადგენლებს და ყველა გაჩერებას აპირებს.

ნედლეული ფასი მომატებულია, ზოგიერთი 100%-110%-ით, ყველაზე ნაკლები მატება 60% სიმინდს აქვს, ჩვენ კი ამ ვითარებაში ქათმის ხორცის ფასს ვერ ვზრდით, საქონლის და ღორის ხორცის ფასს ხომ არ გადავასწრებთ? ამიტომ ქათამი 12 ლარადაც რომ გავყიდოთ, მაინც წაგებაში ვართ. შესაბამისად ადგილობრივ წარმოებაზე საახალწლოდ დეფიციტი შეიქმნება, საბოლოოდ კი იმპორტზე გადავა ქვეყანა, ადგილობრივი წარმოება აღარ გვექნება“, — ამბობს მამუკა ნოზაძე.

commersant.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *