„მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შემოთავაზებები, რასაც ევროკავშირის სივრცეში ინტეგრაციით ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია შეუძლია”

დღეს ევროპის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შემოთავაზებები, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, და რასაც ამ სივრცეში ინტეგრაციით ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია შეუძლია, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ციფრულ ჰაბად ქცევით, ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ზრდით და მიგრაციის ტალღის შენელებით, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ახალი პერსპექტივა, რაც უკრაინაში რუსულმა ინტერვენციამ დააჩქარა, გასული საუკუნის 20 -იანი წლების ისტორიულ შანსს გვაძლევს.

„უკრნაინაში რუსული იმპერიული მანქანის მარცხი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვიჩნდება უნიკალური შანსი ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ თავი რუსულ სივრცეს, სადაც 200 წელზე მეტია რაც ვიმყოფებით და ღიად ვინტეგრირდეთ ევროპულ სივრცეში.

თუ თავის დროზე ერეკლე 2 არჩევანი და რუსულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში ჩვენი შესვლა გარკვეულწილად გამართლებული იყო, მუსულმანური რკალის გასარღვევად, იმდენად გაუმართლებელია დღეს ამ სივრცეში დრეიფი.

მით უმეტეს, როდესაც გვაქვს არჩევანი გავხდეთ ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ორგანული ნაწილი. თვისობრივად არასწორია მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე აქცენტირება და სკეპტიციზმი ევროპულ მომავალზე, მით უმეტეს ჩვენი დიდი წინაპრების ორიენტირი სწორედ ევროპა იყო!.

დიდწილად სწორედ რუსული სივრცის რელიქტია აქ არსებული წარმოდგენები ევროპული ცივილიზაციის დაისზე, თუ ქრისტიანული ღირებულებებიდან გადახვევაზე.

ევროპა დღემდე რჩება მსოფლიო ცივილიზაციის ლიდერად, განათლების დაფინანსებითაც და ტექნოლოგიური განვითარების კუთხითაც. დღესაც კი ევროპის ცალკეულ ქვეყნებში განათლების დაფინანსების წილი მთლიანი ეროვნული პროდუქტის 7.5-8.5 %-ს შეადგენს. შედარებისათვის იგივე რუსეთში მხოლოდ 3.7%-ია, ხოლო ჩვენთან 4%-ს არ აღემატება. ამასთან, ყველაზე მეტი პროსტიტუცია, ნარკომანია თუ ინცესტი სწორედ დღევანდელ მართლმადიდებლურ რუსეთშია და მონაგონიც კია “ცოდვილ ევროპასთან” შედარებით! რუსული “ქრისტიანული კულტურის” სახე უკრაინაში ყველაზე კარგად მოჩანს, თუ რა ბარბაროსულ და არაადამიანურ ქმედებებს ჩადის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ისიც კარგად ჩანს გაუპატიურება და წამება ვისი ხელწერაა და ევროპარლამენტმაც შემთხვევით არ მიანიჭა ტერორიზმის სპონსორის სტატუსი!

განათლების წამყვანი კერები და უნივერსიტეტებიც აშშ-ს და ევროპის ქვეყნებშია, ბრიტანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და გერმანიაში!.

ცალკეული დისკურსი, ამერიკული და ევროპული კულტურის წმინდა ნეოლიბერალურ კონტექსტში წარმოსახვით, მით უმეტეს ცალსახად ლგბტ თემის ინტერესთა პრიორიტეტად, ატარებს ანტიდასავლურ დისკურსს და ემსახურება რა რუსულ იმპერიულ ინტერესს, რუსული ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ თუ რა მრუმე პერსპექტივას გვიქადის ანტიდასავლური ვექტორის გაძლიერება და რუსულ სივრცეში დარჩენა, მიგრაციის ის ტალღა, რაც ახალგაზრდობის გადინებით ხდება ხვალ მოსაგონიც კი გახდება. სანაცვლოდ ჩვენ გვიქადის მიგრაციის სხვა ტალღა აქ შემოსული სამუშაო ძალის სახით, არა იმდენად რუსეთიდან, არამედ შედარებით დაბალგანვითარებული აფრიკული და აზიური ქვეყნებიდან, რაც დემოგრაფიულ სიტუაციასაც ჩვენთვის საზიანოდ შეცვლის და ცხოვრების წესსაც!

ახალგაზრდობა როგორც ამ ქვეყნის მომავალი და პოტენციური სამუშაო ძალა, გადის ქვეყნიდან არა მხოლოდ უკეთესი განათლების მიღების მიზნით. ეს ასე რომ იყოს, ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი უკან აღარ ბრუნდება და ამის მიზეზად მხოლოდ მაღალი ანაზღაურების დასახელება შეცდომა იქნებოდა.

უპერსპექტივობის განცდას მხოლოდ ანაზღაურება არ ქმნის, მაშინ რატომ არ გარბიან არაბულ და მუსულმანურ ქვეყნებშიც სადაც ევროპაზე არანაკლები ანაზღაურებაა? ეს მხოლოდ მუსულმანური ცხოვრების წესის მიუღებლობის გამო არ ხდება.

თუ ევროპა ასეთი ცოდვილი და მიუღებელია, რატომ არის მიგრაციის მიზიდულობის ასეთი ცენტრი? ევროპა უკეთესი ცხოვრების პირობებთან ერთად, არის მეტი თავისუფლების და მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, მეტი არჩევანის ბოლო ქრისტიანული კუნძულიც.

დღეს ევროპის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შემოთავაზებები, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, და რასაც ამ სივრცეში ინტეგრაციით ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია შეუძლია, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ციფრულ ჰაბად ქცევით, ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ზრდით და მიგრაციის ტალღის შენელებით. ევროკომისარ ვარჰეის ბოლო ვიზიტი და აქ გაჟღერებული ინიციატივებიც ამის დამადასტურებელია.

ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს ახალი პერსპექტივა, რაც უკრაინაში რუსულმა ინტერვენციამ დააჩქარა, გასული საუკუნის 20 -იანი წლების ისტორიულ შანსს გვაძლევს, ოღონდაც ეს შანსი აღარ უნდა დავკარგოთ, მომავლის და ქართული სახელმწიფოს წინაშე ყველაზე დიდი დანაშაულიც ეს იქნება!

ზოგადადაც თუ ვინ შეიძლება იყოს მომავალში დასავლეთის ალტერნატივა ეს არა რუსეთი ან თურქეთი, არამედ ჩინეთია, თავისი ისტორიული განვითარებითაც და კონფუცისტური კულტურითაც, რომელიც განსხვავებულია ქრისტიანული ცხოვრების წესისაგან. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს…

ჩვენ კი ამ შანსის ხელიდან გაშვებით, მომავალსაც დავკარგავთ და ქართულ სახელმწიფოებრიობასაც!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *