სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების ნაწილი მუდმივად ბიუჯეტიდან დახმარებას საჭიროებს და მოგებაზე გასვლას ვერ ახერხებს

გასული წლებისგან განხვავებით, 2021 წელი სახელმწიფო საწარმოებმა მოგებით დაასრულეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო საწარმოთა ჯამურმა მოგებამ (დაბეგვრამდე) 376 მლნ ლარი შეადგინა, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად გამოწვეული კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული მოგებით იყო განპირობებული. რომ არა ეს ფაქტორი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიები გასულ, 2021 წელსაც ზარალზე იქნებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოები წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ზარალზე გადიოდნენ. მაგალითად, 2020 წელს მათი ზარალი 756 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს – 53 მილიონი, 2018 წელს კი 710 მილიონი ლარი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოაქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 316 სახელმწიფო საწარმოდან, 154 ცენტრალური ხელისუფლების, ხოლო 162 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია. აღსანიშნავია, რომ როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში არიან კომპანიები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დამოკიდებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგულარულ ფინანსურ დახმარებაზე.

ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში მყოფი ასეთი საწარმოებია: შპს „საქართველოს მელიორაცია“, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

აღსანიშნავია, რომ ამ 5 კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებების თანახმად, მხოლოდ 2 საწარმო გავიდა გასულ წელს მოგებაზე. ესენია: „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“. დანარჩენი 3 კომპანია კი კვლავ წამგებიანი აღმოჩნდა და წელი ზარალით დაასრულა.

რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ასევე მუდმივად საჭიროებენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხარდაჭერას – მუნიციპალიტეტების მთავრობების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის საწარმოები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის, კომუნალური სერვისების, მშენებლობის და სხვა სექტორებში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის მფლობელობაში არსებული საწარმოებიდან, 2020-2022 წლებში დედაქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდია ყველაზე დიდი ოდენობით – 265 მლნ ლარზე მეტი, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მიიღო. ამ მაჩვენებლით მას მოსდევს „თბილსერვის ჯგუფი“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სუბსიდიის სახით 180 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული დედაქალაქის ბიუჯეტიდან.

უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო წლების მონაცემებს თუ ვნახავთ, ორივე ეს კომპანია ზარალიანია. მათ შორის, გასული 2021 წელი „თბილისის სატრანპორტო კომპანიამ“ 172,827 მლნ ლარიანი, ხოლო „თბილსერვის ჯგუფმა“ – 9,030 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა.

ცნობისთვის, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ძირითადი საქმიანობაა – თბილისის მასშტაბით, ავტობუსით, მეტრო და საბაგირე ტრანსპორტით მომსახურება და დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილების მოწყობა.

რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ დედაქალაქის მერიის მფლობელობაში არსებული საწარმო 2006 წელს დაფუძნდა, თუმცა შემდეგ კიდევ რამდენიმე საწარმო მიიერთა, მათ შორის: შპს „სინათლის ქალაქი“, შპს „თბილისის პარკები“, შპს „უძრავი ქონება-თბილისი“ და ა.შ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *