პარლამენტმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ წარადგინა.

პროექტის თანახმად, კანონში გაჩნდება პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტები გამოსცეს.

კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირთა წრე და მასში მოექცევა პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და საბუღალტრო ფირმა (არასერტიფიცირებული ბუღალტრები).

დღეს მოქმედი კანონის თანახმად, აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის კონტროლის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) ჩაანაცვლა ახალმა, ასევე საერთაშორისო, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტმა (ISQM).

შესაბამისად, კანონის მთელ რედაქციაში ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) იცვლება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით (ISQM) – ით.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილების თანახმად, ანგარიშვალდებულ პირთა ჩამონათვალს პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი და საბუღალტრო ფირმა ემატება.

ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონპროექტში, რომლის მიხედვით, ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC) იცვლება მითითებით ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით (ISQM).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *