Binance-ს საქართველოში შემოსვლა, შესაძლოა, რეგულაციებისთვის თავის არიდების ინსტრუმენტადაც იქნას გამოყენებული – „კრიპტომატის“ დირექტორი

საქართველოში ვიზიტისას, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ Binance-ი საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს აუცილებლად გახსნის და ქვეყანაში გუნდის წევრების რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაზრდის.

„საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება და ჩვენი წარმომადგენლობაც გაიზრდება. ამჟამად ქვეყანაში ორი თანამშრომელი გვყავს, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზრდება. მაგალითად გეტყვით, რომ გასულ წელს დუბაიში მხოლიდ ორი თანამშრომელი გვყავდა, ახლა კი მათი რაოდენობა 600-ს აღწევს. ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოშიც ასეთი მკვეთრი ზრდა გვექნება.ზოგადად, საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ის ევროპისა და აზიის გასაყარზეა, ნეიტრალურია და ბიზნესისთვის ხელსაყრელია, “ – აღნიშნა Binance-ის ხელმძღვანელმა.

„კრიპტომატი“-ს დირექტორმა იოსებ ბოლქვაძემ „კომერსანტთან“ Binance-ის საქართველოში შემოსვლის დადებითი ფაქტორების გარდა, უარყოფითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ექსპატი არის ჩამოსული, რომლებიც ფინანსური რეგულაციების გამო საბანკო პროდუქტებით ვერ სარგებლობენ და შესაძლოა Binance-სთვის ეს ნიშაც მიმზიდველი იყოს, რაც რისკის შემცველია.

„საკმაოდ პოზიტიური სიახლეა. ამ სფეროში Binance საკმაოდ მსხვილი ბირჟაა სავაჭრო მოცულობების მიხედვით და ის არის ერთ-ერთი გამორჩეული იმ კუთხით რომ ბირჟის გარდა მთლიანად ეკოსისტემას ავითარებს. ბევრი სტარტაპია, რომელსაც Binance-ის შვილობილი ვენჩორული ფონდი აფინანსებს და ხელს უწყობს რომ განვითარდეს ეს ბლოქჩეინ ეკოსისტემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია Binance-ის ხელმძღვანელის ვიზიტიც და მისი განცხადებებიც. თუ ამას მართლაც მოყვება რეაგირება, საქართველოში რეგიონული ოფისი გაიხსნება და ამ მიმართულებით ფულიც ჩაიდება, ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის და ლოკალური ეკოსისტემისთვისაც.

მართალია ჩვენ საკმაოდ პატარა ბაზარი ვართ, იგივე მეზობელ ქვყნებთან შედარებით, მაგრამ ლიბერალური პოლიტიკისა და რეგულაციების გამო გარკვეულწილად მიმზიდველია მსგავსი ორგანიზაციებისთვის. ჩემი აზრით, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და ომმა, კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა საქართველო ფინანსური თვალსაზრისითაც, რადგან ძალიან ბევრი ექსპატი არის ჩამოსული, რომლებიც ფინანსური რეგულაციების გამო საბანკო პროდუქტებით ვერ სარგებლობენ და შესაძლოა Binance-სთვის ეს ნიშაც მიმზიდველი იყოს, რა თქმა უნდა ეს გარკვეულ რისკებსაც ატარებს. შესაბამისად, შესაძლოა Binance რეგულაციებისთვის თავის არიდების ინსტრუმენტადაც იქნას გამოყენებული, თუ ობიექტურად შევხედავთ დადებითთან ერთად ეს ნეგატიური ფაქტორის შეგვიძლია განვიხილოთ“, — აღნიშნა იოსებ ბოლქვაძემ.

მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას – Binance-ს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს. ფორბსის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება 17,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *