რას გამოიწვევს რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწესება – „საბჭოთა კავშირის დაშლა ნავთობზე ემბარგოდან დაიწყო“

5 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობზე ემბარგო ძალაში შევა, მანამდე აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე მსჯელობენ. საუბარია, რომ ერთ ბარელზე 60 დოლარი დაწესდეს, თუმცა გარკვეული ქვეყნები ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილები არ არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ზღვარი გაცილებით დაბალი, ან მაღალი უნდა იყოს.

როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან” აღნიშნავს, რუსეთის დღეს ნავთობის ექსპორტზე დიდწილადაა დამოკიდებული და არაა გამორიცხული, რომ ფასის ზედა ზრვარის დაწესებამ რუსეთის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენოს.

„რუსეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 30%-ის ფორმირება სწორედ ნავთობის ექსპორტის ხარჯზე ხდება. ამიტომაც რუსეთის ეკონომიკა ნავთოიბისგან მიღებულ შემოსავალზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული. 80-იანი წლების ბოლოს, ცივი ომის წინა ეტაპზე, აშშ-ის პრეზიდენტის რეიგანის ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები მიიღო, რომ ნავთობზე ფასები შემცირებულიყო და ამით საბჭოთა კავშირის ეკონომიკისთვის ზიანი მოეყენებინა.

„1986 წელს აშშ საუდის არაბეთს გაურიგდა და არაბეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვება გაზარდა, ფასები დაეცა, რის შედეგად საბჭოთა კავშირის ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგა. 1985-88 წლებში ნავთობის ექსპორტის შედეგად საბჭოთა კავშირის შეოსავალი დაახლოებით 73%–ით შემცირდა და ამავე წლებში საბჭოთა კავშირის ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით ხუთჯერ გაიზადა. ზუსტად ამის შემდეგ დაიწყო რღვევის პროცესი და საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს ყველაფერი ნავთობიდან დაიწყო.

„დღეს კი რუსეთი ნავთობზე ისევეა დამოკიდებული, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო. ახლაც შესაძლოა რუსეთი არ დაიშალოს, მაგრამ თუ დასავლეთმა ნავთობის სფეროში შესაბამისი პოლიტიკა გაატარა, რუსეთის ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგება.

„ომამდე რუსეთი საკუთარი ნავთობის ძირითად ნაწილს ევროპის ბაზარზე ასაღებდა, (ბუნებრივ აირზე რომ არაფერი ვთქვათ) და დღეს მოსკოვს გაუჭირდება, რომ ალტერნატიული ბაზრები აითვისოს. ინდოეთი და ჩინეთი კი შეისყიდიან, მაგრამ გაცილებით დაბალ ფასს გადაიხდიან. გარდა ამისა, ტრანსპორტირების თვითღირებულება საკმაოდ მაღალია, რადგან ინდოეთამდე და ჩინეთამდე მილსადენი არაა და ტანკერებით გადაზიდვა ძვირი ჯდება, თან გზა გრძელია.

„თუ რუსეთის ეკონომიკას ამის შედეგად დიდი ზიანი მიადგა, არაა გამორიცხული, რომ რუსეთის ფედერაციის დეზინტეგრაციული პროცესები დააჩქაროს. მაგალითად. როცა ჩეჩნეთი დაინახავს, რომ რუსეთიდან დაფინანსება აღარ იქნება, შესაძლოა მათ მოტივაცია აღარ მიეცეთ, რომ რუსეთის შემადგენლობაში დარჩნენ”,-განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან”.

აშშ-მა და ევროკავშირმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი დაადგინეს. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების შესახებ 1 დეკემბერს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, უოლი ადეიემომ განაცხადა, ხოლო ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერზი” ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს წყაროს ცნობით, მხარეები რუსული ნავთობის ფასს საბაზრო ღირებულებაზე 5%-ით დაბალ ზღვარზე შეინარჩუნებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე საბოლოოდ მაინც შეთანხმდებიან, მიუხედავად პოლონეთის, ლიეტუვასა და ესტონეთის განსხვავებული პოზიციისა, რომ რუსეთის ნავთობის დადგენილი ფასი ძალიან მაღალია და ის 30-40 დოლარი უნდა იყოს.

საპირისპირო პოზიციას იკავებენ საბერძნეთი, მალტა და კვიპროსი, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიმიტი 70 დოლარზე უნდა დაწესდეს.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *