„ამხელა მოგება აქვთ ბანკებს, უბრალოდ გაუმართლებელია“ – მთავრობა ბანკებისთვის მოგების გადასახადის 15%-დან 20%მდე გაზრდას აპირებს

ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო სექტორისთვის ცვლილებები დააანონსა.

„საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება. ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ არსებულ სისტემას. ესტონური გადასახადის მოდელის შესახებ ჩანაწერი კი გაუქმდება.

უბრალოდ, გაუმართლებელია ამხელა მოგება აქვთ ბანკებს, წლის ბოლოსთვის 2 მლრდ-ი იქნება ბანკების სუფთა მოგება.

ამას გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ და მივმართავთ პარლამენტს ბაკებისთვის 20% იქნება მოგების გადასახადი ნაცვლად 15%-ისა. ამით დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან”, – განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს, ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. იმ პერიოდში ითქვა, რომ ეს შეღავათი საფინანსო სექტორს 2019 წლიდან შეეხებოდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს პროცესი 2023 წლამდე გადავადდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *