ვისთვის აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა რეალურად და ვისთვის “დარჩა” “შავი ხვრელები”? (ჟურნალისტური მოკვლევა)

ვისთვის  აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა და რატომ აგრძელებს ზოგიერთი მედიასაშუალება შეფარული თუ არაშეფარული მეთოდებით მათ პოპულარიზაციას?

რა პასუხი აქვთ აზარტული თამაშების ბიზნესის მფლობელებს,  მედიის მენეჯერებს და რას ფიქრობს უწყება, რომელმაც ეს კანონი დაჩქარებული წესით მიიღო იმ იმედით, რომ ხელს შეუწყობდა „ლუდომანიის“ და მისგან გამოწვეული მავნე, ხშირად ფატალური შედეგების შემცირებას?

„აიპრესი“ ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც არაერთმა მოქალაქემ, მათ შორის აზარტული თამაშებისგან დაზარალებული ადამიანების ოჯახის წევრებმა მოგვმართეს. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ პრემიერის ინიციატივამ, რომელიც შემდეგ საკანონმდებლო დონეზე დარეგისტრირდა, არაერთი ადამიანი გადააარჩინა, ე. წ „ლუდომანიის“ მსხვერპლად ქცევისგან. თუმცა, კანონი, ხშირ შემთხვევაში, ირღვევა და ამას აკეთებენ გარკვეული მედიასაშუალებები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ იმას, რაც კანონითაა აკრძალული. სანამ კონკრეტულ თემაზე გადავალთ, მივყვეთ ქრონოლოგიას „აკრძალული თამაშების“ შესახებ.

რას გვეუბნება კანონი…

2021 წლის 22 დეკემბერს ცვლილება შევიდა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში, რითაც დაწესდა რიგი შეზღუდვები აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს ბინგოს, აზარტული თამაშების ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელებასა და აბრის განთავსებასთან დაკავშირებით.

ეს გახლდათ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოჰყვა.

„1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და ისაუბრა “ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონზე.

მისივე თქმით, კომპანიებმა ბიუჯეტში გადასახადების სახით 110 მილიონი ლარი გადაიხადეს.

„პარლამენტმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენს ამ ინიციატივას და შევცვალეთ კანონები, რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთეთ. 1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები.

ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც და ა.შ. იმ თანხებს სხვა რაღაცებში მიმართავენ.

იცით, რომ აზარტულ კომპანიებს გავუზარდეთ გადასახადები და მეტ გადასახადს იხდიან ბიუჯეტში. 110 მლნ ლარი არის შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში გადაიხადეს ამ კომპანიებმა”, – განაცხადა პრემიერმა 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტში.

კანონის 83-ე მუხლმა საკმაოდ მკაცრად დაარეგულირა ზემოხსენებულ სფეროებში სარეკლამო რეგულაციები, კერძოდ კი, პირველი პუნქტის თანახმად, აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გავრცელება გახდა დაუშვებელი. ამავე მუხლით დაწესდა გამონაკლისები, კერძოდ ამგვარი რეკლამის გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში – (1) თუ რეკლამა ვრცელდება იმ ვებგვერდზე განთავსებით, რომელზეც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა (2) რეკლამა ვრცელდება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების გამართვის ადგილზე ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის ადგილზე და აღნიშნული არის მათი საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობა (3) აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობა (4) აღნიშნული რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კანონი არაორაზროვნად არეგულირებს ვებგვერდზე აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების წესს, კერძოდ ამგვარი რეკლამის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ იმ სახის ვებგვერდზე, რომელზეც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა (ე. წ. „გემბლინგ ვებგვერდი“). უფრო კონკრეტულად კი, იგულისხმება სამეწარმეო სუბიექტები, რომლებსაც მოპოვებული აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ნებართვა.

უშვებს თუ არა კანონი გამონაკლისებს მედიისთვის?

პასუხი არის უარყოფითი! კანონი არ უშვებს რაიმე სახის გამონაკლისებს სარეკლამო მასალის შინაარსთან მიმართებაში, კერძოდ იგი კრძალავს, როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ რეკლამას. ამდენად, კანონმა მკაცრად დაარეგულირა, რომ დაუშვებელია  აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის რეკლამის გავრცელება მისი შინაარსის მიუხედავად.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს ზემოხსენებულ საკითხებს, თუმცა საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ ისეთი მეწარმე სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშების ორგანიზატორისა და ტოტალიზატორის ორგანიზატორის რეკლამის გავრცელებას. მაგალითად, ასეთებია ტოტალიზატორები „ბეთლაივი“ (www.betlive.com),კროკობეთი (www.crocobet.com)ევროპაბეთი (https://www.europebet.com).

ზემოხსენებული ტოტალიზატორები არაერთ ვებგვერდზე ათავსებს სარეკლამო მასალებს, მათ შორის მოკლე ვიდეო-რგოლებს (ე. წ. „პრეროლებს“), ისე სარეკლამო ბანერებს.

ყველაზე ხშირად კი ტოტალიზატორების მიერ ხორციელდება სარეკლამო მასალის გავრცელება შემდეგი ფორმით – „QR კოდი“ დაასკანერე. ხსენებული QR კოდის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელს, კონკრეტული ტოტალიზატორი თავისივე ვებგვერდზე აძლევს ე.წ. სპინებს, ანუ სათამაშო ქულებს.

ჩვენ მიერ მოძიებულ იქნა ამგვარი ფაქტები შემდეგ ელექტრონულ ვებგვერდებზე:  www.acmilan.ge; www.barcamania.ge; www.chelsea.ge; www.live.ge; www.liverpoolfc.ge; www.manchester.ge; https://leadersport.ge; https://goal.ge/;

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ვებგვერდებზე არ არის დაშვებული სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა. გარდა მითითებული ვებგვერდებისა, ამგვარი სარეკლამო მასალები გვხვდება სხვა ვებგვერდებზეც, რომლებზეც რა თქმა უნდა, ასევე არ არის დაშვებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *