“საბანკო სექტორი ისედაც შეღავათიანი საგადასახადო ტვირთის რეჟიმშია, ბანკების ზემაღალი წმინდა მოგება განვითარების შესაძლებლობას ისედაც თავისუფლად იძლევა”

“საბანკო სექტორი, არასაბანკო დაწესებულებებისაგან განსხვავებით, ისედაც განსხვავებულ და შეღავათიან საგადასახადო ტვირთის რეჟიმში ფუნქციონირებს. საერთაშორისო საბანკო პრაქტიკით, ბანკები არც დღგ-ს და არც აქციზის გადასახადს იხდიან.

ბანკების ზემაღალი წმინდა მოგება გაფართოების და განვითარების შესაძლებლობას ისედაც თავისუფლად იძლევა”, – ამის შესახებ ექსპერტმა საბანკო-საფინანსო საკითხებში, ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ საბანკო სექტორისთვის დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა.

“პრემიერის გუშინდელ განცხადებაზე ვსაუბრობთ, რომელიც იმას გულისხმობს, რომ საბანკო სექტორი ე.წ ესტონურ მოდელზე არ გადავა. აღნიშნულს არასწორი შეფასებები მოჰყვა: თითქოს, იმის გამო, რომ ბანკებს ის რეჟიმი არ ექნებათ, რომელიც ესტონური მოდელითაა გათვალისწინებული, ისინი ამას საპროცენტო განაკვეთების აწევით დააკომპენსირებენ, რაც საკრედიტო რესურსებს გააძვირებს.

მინდა, შესავალი გავაკეთო, 2017 წელს, როცა ამ მოდელზე გადასვლა გადაწყდა, მაშინ საბანკო სექტორთან ასეთი შეთანხმება გაკეთდა, რომ ბანკები ამაზე გადავიდოდნენ არა 2019, არამედ 2023 წლიდან. ეს პერიოდი ორ რამეზე იყო გათვლილი: გამოჩნდებოდა, თუ როგორი იყო ბანკების განვითარების დინამიკა და როგორი იქნებოდა მომავალ წლებში. გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით იქნებოდა მიღებული.

ზოგადად, ესტონური მოდელი რითაა მნიშვნელოვანი: ის რეინვესტირების
მხარდამჭერი მოდელია, რომელიც იმას გულისხმობს, რომ მოგების ნაწილი, რომელიც რეინვესტირდება, ანუ დივიდენდების სახით არ განაწილდება და კომპანიის საბრუნავ კაპიტალში დარჩება, აღარ დაიბეგრება. ანუ, ესაა სტიმული, რომ კომპანიებმა მოგება კაპიტალში დატოვონ, შესაბამისად, გაყიდვებიც და შემოსავალიც გაზარდონ. შედეგი რაზეა გათვლილი: ამან მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ბიუჯეტების შემოსავლების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი, ბიუჯეტის დეფიციტი უნდა შეამციროს. მაღალი ეკონომიკური ზრდის და შემოსავლების ფისკალური ეფექტის შემადგენელი ნაწილი დასაქმების ზრდაცაა.

საინტერესოა, საქართველოში ამ მოდელმა რამდენად გაამართლა. მაშინაც იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ამ მოდელს არ გაემართლებინა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება გამოეწვია. მაგრამ, საბოლოოდ, შეგვიძლია, შედეგიც შევაფასოთ. თავი დავანებოთ 2020 წელს, რომელიც ყველაზე რთული პერიოდი იყო. ამ წელს რეცესია იყო, ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვა მოხდა. კოვიდპანდემიური შოკი იყო. უკვე 2021 და 2022 წლებში ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ბიუჯეტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

გარდა იმისა, რომ ბოლო 2 წელიწადში გვაქვს ორნიშნა ზრდა, 2019 წელთან შედარებით მშპ გაიზარდა 47 %-ით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4696 ათასი დოლარიდან 6600 ათას დოლარამდეა გაზრდილი, ანუ 40 %-ით, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 11,4 მლრდ ლარიდან 16,8 მლრდ ლარამდე, ანუ 47 %-ით, ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებულია 3 %-მდე, უმუშევრობა მარტო მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მიხედვით შემცირებულია 15,6 %-მდე. ეფექტი, რაც ესტონურ მოდელს უნდა მოეტანა, ფაქტობრივად,  ჩვენი ეკონომიკის შედეგში გვაქვს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ლოგიკურია, რომ ბანკები ესტონურ მოდელზე არ გადავიდნენ. ესტონურ მოდელზე არგადასვლა იმას ნიშნავს, რომ ბანკები დაბეგვრით რეჟიმში დარჩებიან და 20 %- ს გადაიხდიან.

როდესაც 2017 წელს ბანკებისათვის ამ მოდელის ამოქმედების ვადა 2023 წლამდე გადაიდო, იგი ამ პერიოდში საბანკო სექტორის განვითარების დინამიკის ანალიზს ითვალისწინებდა. ბანკების საპროგნოზო სუფთა მოგება, თუ 2019 წელს 1 მილიარდ ლარამდე იყო, 2021 წლის მსგავსად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება. გარდა ამისა, მხედველობაში ნაკლებად იღებენ იმ გარემოებას, რომ, საბანკო სექტორი არასაბანკო დაწესებულებებისაგან განსხვავებით, ისედაც განსხვავებულ და შეღავათიან საგადასახადო ტვირთის რეჟიმში ფუნქციონირებს. საერთაშორისო საბანკო პრაქტიკით ბანკები არ იხდიან არც დღგ-ს რომელიც ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების მთავარი წყაროა და ეს 41 %-მდეა წილობრივად და არც აქციზის გადასახადს, რაც საბიუჯეტო შემოსავლების 13 %-ია.

ბანკების ზემაღალი წმინდა მოგება გაფართოების და განვითარების შესაძლებლობას ისედაც თავისუფლად იძლევა”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, იმაზე აქცენტირება, რომ ბანკების დასაბეგრ რეჟიმზე გადასვლა “თავისუფლების ქარტიას” ეწინააღმდეგება და ბანკები ამის კონპენსირებას სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდით შეეცდებიან, ისედაც განსხვავებული საგადასახადო რეჟიმის გამო ნაკლებად არგუმენტირებულია.

“აქვე განვმარტავ, რომ, ეროვნული ბანკის ნორმატივების მიხედვით, კომერციული ბანკების დასაბეგრი მოგებაც სხვა წესით იანგარიშება. კერძოდ, დასაბეგრ მოგებაზე პირდაპირ ზემოქმედებს ხარჯების ისეთი მუხლი, როგორიცაა ზარალი აქტივების(სესხების) შესაძლო დანაკარგების მიხედვით, რაც განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში მნიშვნელოვნად ამცირებს დასაბეგრ მოგებას. თვალსაჩინოებისათვის, 2019 წლის შემცირებულ წლიურ წმინდა მოგებაზე, რაც 92 მლნ ლარი იყო, პირდაპირი ზეგავლენა იქონია მარტის თვის მოგების უარყოფითმა 900- მილიონიანმა მაჩვენებელმა, რაც გამოწვეული იყო ეკონომიკის ჩაკეტვის გამო, მაღალი გაურკვევლობიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების ზარალით, რამაც მილიარდ 189 მილიონი ლარი შეადგინა.

შესაბამისად, ამ თვის მოგების გადასახადიც მკვეთრად უარყოფითი – 136 მილიონი ლარი იყო. თუმცა შემდეგ თვეებში, ეს მუხლი პოზიტივისკენ დაიძრა და უკვე აპრილის თვის მოგებამ 80 მილიონი ლარი შეადგინა. ხარჯების ამ მუხლის გარეშე საბანკო სექტორი 2020 წელსაც საკმაოდ მაღალ 800- მილიონიან წმინდა მოგებაზე გავიდოდა. საერთაშორისო ბაზრებიდან ფინანსური რესურსების მოზიდვისას, ინვესტორებიც სწორედ წმინდა მოგებას უყურებენ, წამყვანი ქართული ბანკების უკუგება კაპიტალზე საკმაოდ მაღალია და ROE 30 %-საც კი აჭარბებს, ხოლო გასულ წელს სულაც სარეკორდო 40 %-ზე იყო ასული.

შედარებისათვის აშშ-ის ბანკების ROE 2021 წელს 14% შეადგენდა, ინდოეთის ბანკების 13.69 %-ს, თურქული ბანკების მაჩვენებელი 12.6 % იყო, ფრანგული და გერმანული ბანკების კიდევ უფრო ნაკლები, შესაბამისად 6.66 % და 3.69 %, ანალოგიურია ესტონეთში- 6.71 %, სომხეთში 5.5 %- ია, ხოლო აზერბაიჯანში 16.27 %. შედარებით მაღალი ყაზახეთშია 25.6 %.

ახლა იმაზე აქცენტირება, რომ ბანკების ამ დასაბეგრ რეჟიმზე გადასვლა ეწინააღმდეგება “თავისუფლების ქარტიას” და ამის კონპენსირებას სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდით უპასუხებენ, ნაკლებად არგუმენტირებულია, სწორედ ისედაც განსხვავებული საგადასახადო რეჟიმის გამო. მომსახურების ტარიფები ისედაც გაზრდილია, ისევე – როგორც წმინდა და საპროცენტო მარჟა, ხოლო საბანკო სესხებზე პროცენტი სხვა პრინციპით დგინდება, ძირითადად, მოზიდული სახსრების ფასით და პირველ რიგში ვადიანი დეპოზიტების განაკვეთზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის მოგების გადასახადის არსებულ სისტემა შენარჩუნდება – მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *